„პაპუაშვილს ნელი მოქმედების მინა ამოქმედებული ჰქონდა და ის, თითქოს, ასაფეთქებლადაც მზად იყო. თუმცა, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში გეგმამ არ იმუშავა და სქემა სამარცხვინოდ ჩაიფუშა.
ერთხელ პაპუაშვილმა პანიკური ხასიათის განცხადება გააკეთა. მან თქვა: ჩემი ოჯახის წევრებს ემუქრებიანო.
თუმცა, მას, როგორც იურისტს, საკუთარი ოჯახის უფლებებისა და ღირსების დაცვა გამოძიების ან სასამართლოს გზით არ უცდია. სამაგიეროდ, სამართალდამცავებმა საქმე აღძრეს და გამოძიება აქტიურად დაიწყეს. დაიკითხნენ გიორგი პაპუაშვილი და მისი მეუღლე, რომლის ტელეფონზეც განხორციელდა ეს მუქარანარევი ზარი.
დეტალები ჩვენთვის უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ პირი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის წევრს ემუქრებოდა, არც მეტი, არც ნაკლები, თურმე იმ მემწვანილის ცოლია, რომელიც მათ ეზოში მწვანილსა და ბოსტნეულს ყიდის.
სარხან ისმაილოვთან დაკავშირება ვერ შევძელით, მობილური გათიშული აქვს, თუმცა, გიორგი პაპუაშვილის მეუღლემ მაშინ განაცხადა.რომ თავიდან მას არ სურდა ამ თემაზე საუბარი, თუმცა მოგვიანებით, როცა გაიგო, რომ გარკვეული დეტალები მედიისთვის ცნობილი იყო, დაადასტურა, რომ გამოძიება ბოსტნეულის გამყიდველის ოჯახზე გავიდა, ამიტომაც აღნიშნა, რომ არც გამოძიებასთან აქვს რაიმე კითხვები და პრეტენზიები და არც მუქარა იყო სინამდვილეში საშიში და სახიფათო.
გიორგი პაპუაშვილის ცოლმა თეა ხოფერიამ მაშინ ერთ - ერთ მედიასაშუალებასთან საუბარში მხოლოდ ის თქვა რომ საუაბრი ამ თემაზე არ სურს:
- ამ თემაზე საუბრის სურვილი არ მაქვს, უკაცრავად... ეს ამბავი მე არ გამიხმაურებია, ამის სურვილი არც ერთ ეტაპზე არ მქონია...
უფრო ადრე გიორგი პაპუაშვილმა, მისივე შეფასებით, „საგანგაშო ფაქტი" გაახმოვანა და თქვა: ხელისუფლებას ჩემზე გარკვეული სახის კომპრომატი აქვსო, სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის საუბრობდა ჩანაწერზე, რომელიც კანონიერად არსებობს.
„ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილის ინფორმაციით, პაპუაშვილის წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელი მასალა არსებობს, თუმცა ის უკანონოდ არ არის მოპოვებული - პოლიციის ოპერატიული მასალაა, რომლის ჩაწერის უფლებაც კანონმდებლობით დაშვებულია. „ახალგაზრდა ადვოკატებისთვის" ცნობილია ინციდენტის დეტალები, რომელსაც პაპუაშვილი კომპრომატს უწოდებს. კერძოდ, საუბარია შემთხვევაზე, რომელიც 2012 წლის სექტემბერში თბილისში ბესიკის ქუჩაზე მოხდა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თავმჯდომარემ საპატრულო ეკიპაჟს აგინა და პოლიციის მიმართ განსაკუთრებული აგრესიულობა გამოიჩინა.
„ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ მან ოფიციალური წერილით მიმართა გიორგი პაპუაშვილს, სადაც განმარტებას სთხოვს იმის შესახებ, ხომ არ გულისხმობდა პაპუაშვილი მის წინააღმდეგ არსებულ მაკომპრომეტირებელ მასალად საპატრულო ეკიპაჟთან მომხდარ ინციდენტს, რომელიც საპატრულო ეკიპაჟმა ჩაიწერა:
_ მას 2012 წლის სექტემბერში დაპირისპირება მოუვიდა პოლიციასთან. ეს არის ფაქტი, როცა გიორგი პაპუაშვილს წინასაარჩევნო პერიოდში თბილისში, მთაწმინდაზე, ბესიკის ქუჩაზე მოუვიდა მნიშვნელოვანი დაპირისპირება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თავმჯდომარემ აგინა პოლიციელებს, უშვერი სიტყვებით მოიხსენია ისინი და დაადანაშაულა „ქართული ოცნების" მხარდაჭერაში. ამ ეკიპაჟმა ამოიცნო გიორგი პაპუაშვილი. მისი დაკავება იმუნიტეტის გამო ვერ მოხდა. - განმარტავდა მაშინ არჩილ კაიკაციშვილი.