logo_geo
eng_logo
„ნაციონალები კი გაჩერებას არ აპირებენ...“
- +

10 აგვისტო. 2016. 01:27


გიორგი პაპუაშვილმა ცეცხლთან თამაში 21 ივლისს დაიწყო ცნობილი სკანდალური ბრიფინგით. აიყოლია ოპოზიციაში გასული ყოფილი სახელისუფლებო პარტიების ლიდერები და შექმნა ფონი, რომ ქვეყანაში ყველა შანტაჟის ქვეშ არის... ეს, რა თქმა უნდა, უცხოელი პარტნიორების ყურების გასაგონად.


სიტუაცია ძალიან მალე გადატყდა.


ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში დაპირისპირებული ჯგუფების არსებობა გამოვლინდა - ხუთი ოთხის წინააღმდეგ, სადაც უმრავლესობა თავად პაპუაშვილს ადებს ხელს პოლიტიკური საქმეების ფორსირებაში, მიკერძოებაში და დიდი ალბათობით, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. მალევე პროკურატურამაც გამოარკვია, რომ მოსამართლეებმა ზეწოლის ფაქტები არ დაადასტურეს. უფრო მეტიც, ის იმ კონკრეტული ეპიზოდით დაინტერესდა, სადაც, დიდი ალბათობით, პაპუაშვილის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა შეიძლება დადასტურდეს, რაც იმპიჩმენტის საფუძველიც ხდება... საქმე ეხება ყბადაღებულ „კაბელების საქმეს", რომელზეც სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ ორჯერ მიიღო და ერთი და იგივე რეგისტრაციის ნომერი მიანიჭა. ამასთანავე, მისი მიღება და გამწესრიგებელი სხდომის დანიშვნაც ერთ დღეში მოხდა... რა თქმა უნდა, თუ გამოძიებისა და იმპიჩმენტის პროცედურების ვადებს გავითვალისწინებთ, არავის შეექმნება ილუზია, რომ ამ მიმართულებით მართლაც რამე ქმედითი შეიძლება მოხდეს, მით უმეტეს, რომ არასრულ 2 თვეში თავმჯდომარეს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა, მაგრამ აბსოლუტური საფუძველი არსებობს, ვივარაუდოთ, რომ, თუ აქამდე პაპუაშვილს ჰქონდა მთავარი სადავეები, საკუთარი გადაწყვეტილებებით ევაჭრა ხელისუფლებასთან, მინიმუმ, ამის საშუალება მოესპო, დანარჩენი ვერსიები კი გემოვნების საკითხია...

სკანდალი მხოლოდ მოსამართლეთა დაპირისპირებით და პაპუაშვილისთვის ნიღბის ჩამოხსნით არ ამოწურულა... საქმე კიდევ უფრო ღრმად წავიდა და იურისტებმა, მოსამართლეებმა, პროკურორებმა, ჟურნალისტებმა და კიდევ ბევრმა სხვამ, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდა, მასშტაბურად დაიწყეს ქექვა თითოეული სარჩელის მიღმა. ამის ძალიან მარტივი შესაძლებლობაც არსებობს. ყველა სარჩელი საკუთარი „ისტორიით" საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული. მთავარია ლოგიკური ბმა და ყველაფერი ხელისგულზე იკითხება.


მაგალითად, ის, რომ „რუსთავი 2"-სა და შპს „ტელეკომპანია საქართველოს" ყველა სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ შესაშურად მოკლე ვადაში დაასრულა საქმის განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგიც დააყენა. პირველ შემთხვევაში 6 დღეში, მეორე შემთხვევაში კი ზუსტად ერთ კვირაში. როგორც ირკვევა, სწორედ ტელეკომპანია საქართველოს შემთხვევაშიც იგივე მომხდარა, რაც სკანდალურად გახმაურებულ „კაბელების საქმეზე" - უკვე რეგისტრაციაგავლილ საქმეს დაემატა მოთხოვნები და ისევ შებრუნდა სასამართლოში იგივე რეგისტრაციის ნომრით...

გამოიკვეთა, რომ პაპუაშვილისთვის და მისთვის სანდო პირველი კოლეგიისთვის, სადაც 4 მოსამართლიდან სამი, როგორც ირკვევა, მეგობრობით, ძველ სამსახურში უფროს-უმცროსობით, კურსელობითა და ნათელმირონობით არიან დაკავშირებულნი „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან, პრობლემას არ წარმოადგენს, რომ 1 დღეში, ან ერთ კვირაში საქმე სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გადაეცეს კოლეგიას, კოლეგიის თავმჯდომარის მიერ დაეწეროს მომხსენებელ მოსამართლეს, მომხსენებელმა მოამზადოს პროექტი და მოსამართლეებმა მიიღონ ის.


გიორგი პაპუაშვილმა ვერ შეძლო პოლიტიკური საქმეების დალობირება და ვერცერთი მის მიმართ ატეხილი საგანგაშო განცხადება ვერ ააგორა.


თითქოს უკვე ყველა მეთოდი ნაცადია. ჯერ პაპუაშვილმა თქვა, რომ მის მიმართ რაღაც ფირის გამოქვეყნებას აპირებდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს ფირი კანონიერი გზით ისევ სააკაშვილის დროინდელმა პატრულმა ჩაწერა; შემდეგ რომ ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს მემწვანილესთან მომხდარი გაუგებრობა იყო. ახლა მოსამართლეებმა პროკურატურაში არ დაადასტურეს მათზე ზეწოლის არცერთი ფაქტი.

არადა, მის განცხადებებს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. პროკურატურამ დაკითხვები დაიწყო და ზეწოლაზე ვერავინ ისაუბრა.


რა დარჩა? გიორგი პაპუაშვილი ან ვა-ბანკზე უნდა წავიდეს ან უნდა აღიაროს, რომ "ნაციონალების" პოლიტიკურ თამაშში იყო ჩართული და მიზანმიმართულად ახდენდა ვითარების დაძაბვას.


რომელს აირჩევს პაპუაშვილი? სავარაუდოდ ვა-ბანკს. თუკი ის "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთებს ასრულებს, ბუნებრივია, სახიფათო თამაშების დასრულებაზე გადაწყვეტილებას ის ვერ მიიღებს, ნაციონალები კი გაჩერებას არ აპირებენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner