გიორგი კახიანი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინაში მყოფ და საქართველოში მსჯავრდებულ და ბრალდებულ პირებს უკავშირებს, რომლებიც არასწორ ცნობებს აწვდიან ქვეყნის ხელისუფლებას. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„არ მინდა ვიფიქრო, რომ სხვა მიზნებით კეთდება ასეთი განცხადებები. თუმცა, ბუნებრივია, ლოგიკური დასკვნების გაკეთება შეიძლება, როცა ასეთი მძიმე განცხადებები კეთდება რა შეიძლება მოჰყვეს ამას ჩვენს ქვეყანაში. ვისმენდით პროვოკაციული სახის განცხადებებს ფაქტობრივად ხელისუფლების ჩამოცილების შინაარსით და ა.შ. არ მინდა იფიქრო იმაზე მეტი, რომ ასეთი განცხადებები არასწორ განცხადებას ეფუძნება და ამ დეზინფორმაციის წყარო და ინიციატივა საიდან შეიძლება მოდიოდეს, ამაზე ჩემი კითხვები და ეჭვები გავაჩინე. მე მგონი ლოგიკა ამას კარნახობს რომ სწორედ ეს შეიძლება იყოს ამის უკან და ასე შეიძლება აიხსნას ეს. ერთი რამ ფაქტია - ჩვენ ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის, უკრაინისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ და ნამდვილად უსამართლო, უსაფუძვლო და რეალობას მოწყვეტილი განცხადება მოვისმინეთ“, - განაცხადა კახიანმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.