„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს განცხადება თავისი შინაარსით სრული დეზინფორმაცია და აბსურდია. ასეთ შემთხვევაში, როდესაც იმაზე ვსაუბრობთ, რომ არარსებულ ფაქტებზეა საუბარი, რამე მტკიცებულებების წარმოდგენის მოლოდინი, პირადად მე არ მაქვს,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადების შეფასებისას „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს განცხადება ძალიან მძიმე მოსასმენი იყო.
„სხვა განცხადებებიც კეთდებოდა მანამდე, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. რბილად რომ ვთქვათ, ეს შეფასდა ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფად, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ და გვერდით დავუდგეთ ჩვენ მეგობარ უკრაინელებს. იქნება ეს საერთაშორისო პლატფორმებზე, გაერო, ეუთო, ჰააგის სასამართლო, ევროპის საბჭო თუ სხვა. აღარაფერს ვამბობ სხვა სახის დახმარებებზე. როდესაც ამ ფონზე ამ განცხადებას ვისმენთ, ეს არის ძალიან მძიმე, შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს განცხადება თავისი შინაარსით სრული დეზინფორმაცია და აბსურდია. ასეთ შემთხვევაში, როდესაც იმაზე ვსაუბრობთ, რომ არარსებულ ფაქტებზეა საუბარი, რამე მტკიცებულებების წარმოდგენის მოლოდინი, პირადად მე არ მაქვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა შესაბამისი რეაგირება და მათი განცხადებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ რაღაც მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი ძალიან მკაცრად შემოწმდება, რადგან ის ბრალდება, რამაც განცხადებაში გაიჟღერა უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.