logo_geo
eng_logo
ზელენსკი: არ არსებობს დანაშაული, რომელიც რუსებს ბუჩაში არ ჩაუდენიათ
- +

5 აპრილი. 2022. 20:49

 

 

„არ არსებობს დანაშაული, რომელიც რუსებს ბუჩაში არ ჩაუდენიათ,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

 

„არ არსებობს დანაშაული, რომელიც ბუჩაში არ ჩაუდენიათ. რუსი სამხედროები ეძებდნენ და მიზანმიმართულად კლავდნენ ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნის სამსახურშია. ისინი ესროდნენ და ხოცავდნენ ქალებს მათივე სახლების გარეთ, როდესაც ისინი ცდილობდნენ დაეძახათ ვინმესთვის, ვინც ცოცხალი იყო. მათ დახოცეს მთელი ოჯახები, ზრდასრულები და ბავშვები, მათ სცადეს მათი ცხედრების დაწვა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

4 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა და განაცხადა, რომ ომის დანაშაულებზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

 

„გახსოვთ, რომ პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე, რის გამოც გამაკრიტიკეს. თქვენ ნახეთ, რა მოხდა ბუჩაში. ის ომის დამნაშავეა. თუმცა, ჩვენ უნდა შევაგროვოთ ინფორმაცია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისათვის იმ იარაღის მიწოდება, რომელიც მას ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდება და ყველა დეტალი უნდა მოვიპოვოთ, რათა ომის დანაშაულებზე სასამართლო პროცესი გაიმართოს. რაც ბუჩაში ხდება აღმაშფოთებელია და ეს ყველამ დაინახა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას „დადგმული“ უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner