logo_geo
eng_logo
ნატოში აშშ-ის ელჩი: ალიანსი მტკიცებულებებს აგროვებს, რათა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის გუნდს პასუხისმგებლობა დააკისრონ უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის
- +

5 აპრილი. 2022. 20:53

 

 

ნატოში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა განაცხადა, რომ ალიანსი მტკიცებულებებს აგროვებს, რათა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის გუნდს პასუხისმგებლობა დააკისრონ უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის.

„რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ინფორმაციის შეგროვებაა, რომელიც გვჭირდება პუტინისა და მისი გუნდისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად“, - აღნიშნა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აშშ-ის ელჩმა.

4 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა და განაცხადა, რომ ომის დანაშაულებზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

„გახსოვთ, რომ პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე, რის გამოც გამაკრიტიკეს. თქვენ ნახეთ, რა მოხდა ბუჩაში. ის ომის დამნაშავეა. თუმცა, ჩვენ უნდა შევაგროვოთ ინფორმაცია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისათვის იმ იარაღის მიწოდება, რომელიც მას ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდება და ყველა დეტალი უნდა მოვიპოვოთ, რათა ომის დანაშაულებზე სასამართლო პროცესი გაიმართოს. რაც ბუჩაში ხდება აღმაშფოთებელია და ეს ყველამ დაინახა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას „დადგმული“ უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner