მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პაუზა აიღო იმის შიშით, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა უტყუარ მტკიცებულებებს დადებს. შესაბამისი განცხადება ყოფილი პრეზიდენტის Facebook-ზე გამოქვეყნდა. მას მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა უპასუხეს.
„ეს მართლაც კრიმინალი, დამნაშავე სააკაშვილი როდესაც საუბრობს ვინმეს უკანონობაზე, რაიმე კონტრაბანდაზე, პირველ რიგში თვითონ როცა კონტრაბანდულად შემოვიდა ქვეყანაში ჯობია ამაზე გასცეს პასუხი. ქვეყნის შიგნით მეხუთე კოლონა, რომელსაც ომის პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, მისი ლიდერები ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისთვის, რომ როგორმე ქვეყანაში მოაწყონ არეულობა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.