logo_geo
eng_logo
თბილისის მუნიციპალიტეტმა უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის კიდევ შვიდი ბინა შეიძინა
- +

6 აპრილი. 2022. 12:16

 

 

„თბილისში მცხოვრები უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიამ კიდევ შვიდი ბინა შეიძინა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მიმდინარე წელს უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახები, დაახლოებით 60 ბინით დაკმაყოფილდებიან, სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით კი, ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ, რაიონულ გამგეობებსა და მერიას მიმართონ.

 

„მოგეხსენებათ, წარმატებით მიმდინარეობს თბილისში მცხოვრები უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროცესი. კიდევ შვიდი ბინა შევისყიდეთ სხვადასხვა ოჯახისთვის. ჯამში კი, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, უკვე შესყიდულია 20 ბინა. ახლად შესყიდულ ფართებს, ისევე, როგორც აქამდე შესყიდულ ბინებს, მუნიციპალიტეტი მესაკუთრეებს გადასცემს. პროგრამა, რა თქმა უნდა, გრძელდება. წელს, დაახლოებით, 60 ბინით დავაკმაყოფილებთ უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს. რაც შეეხება სტატუსის მოპოვების პროცედურას, ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ, როგორც გამგეობებს, ისე მერიას“, - განაცხადა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა სახელმწიფო მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება.

 

„ჩვენ ერთი მიმართულებით ვაკმაყოფილებთ ოჯახებს, ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, მეორე მხრივ კი, გვაქვს შემთხვევები, როდესაც ხდება სახელმწიფო მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობების განხორციელება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ მოხდეს სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცება და იქ შენობა-ნაგებობების განთავსება. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ასეთი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ. შესაბამისი სამსახურების მხრიდან მონიტორინგი გაგრძელდება, რომ კონკრეტულ ადგილებზე მსგავსი შემთხვევები არ მივიღოთ. მეორე მხრივ კი, ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, ვეხმარებით, გვერდში ვუდგავართ და მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ საცხოვრებლით. შეიძლება პირველ ეტაპზე ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხერხდეს, მაგრამ გვაქვს პროგრამა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ, ამ ოჯახების ქირით გაყვანას ისე, რომ ქუჩაში არავინ დავტოვოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner