„უკრაინული მხარე ამბობს, რომ საქართველომ წარმოადგინოს მტკიცებულებები. ყველას გაუჩნდება ერთი კითხვა, თუ ვიღაცა ვინმეს რაღაცაში ბრალს დებს, ამის საფუძველი უნდა წარმოადგინოს იმ ადამიანმა, ვისაც აქვს ეს ბრალდება. ამ შემთხვევაში, ჩვენს ძალიან სტრატეგიულ მეგობრებს, პარტნიორებს, მოგვეთხოვება ცოტა მეტი ყურადღებაც, პატივისცემაც და განცხადებას უნდა მოაყოლონ კონკრეტული ფაქტები“, - ასე ეხმაურება ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებას.
მისივე თქმით, აღნიშნულ განცხადებას სახელმწიფო უშიშროების სამსახურმაც ძალიან მკაფიოდ უპასუხა.
„ჩემგან განსხვავებულს ვერაფერს მოისმენთ იმიტომ, რომ თითოეულ თქვენგანსაც იგივე რეაქცია ექნებოდა და, რა თქმა უნდა, მეც და ამიტომ, მგონი, არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოება, არამედ რამდენადაც ეს იყო საერთაშორისოდ გაცხადებული, საერთაშორისო საზოგადოება და თანამეგობრობა დაელოდება და ელოდება კონკრეტულ მტკიცებულებებს იმისთვის, რომ ისევ და ისევ განცხადების ავტორების რეპუტაცია იყოს შენარჩუნებული. მინდა, განვაცხადო მკაფიოდ, პირდაპირ და სრული პასუხისმგებლობით და ხაზი გავუსვათ იმას, რომ საქართველოში სასაზღვრო კონტროლი არის ძალიან მაღალ დონეზე და საბაჟო კონტროლი არის უმაღლეს დონეზე, ასევე საქართველოს ხელისუფლება არის გახსნილი და მზად, რომ ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის, ქვეყნისთვის, რომ ნახონ როგორ მუშაობს ჩვენი სისტემა და თვითონ დარწმუნდნენ, რომ უსაფუძვლოა ყველა ის განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და კონტრაბანდის რისკი არ არსებობს. ეს არის შეურაცხმყოფელი ქართული სახელმწიფოს, ქართველების მთლიანად. ჩვენ გვესმის, რომ ომია, აღარ გვინდა, რომ დეტალებში შევიდეთ და არ ვსაუბრობთ სანაცვლოდ ჩვენ რას ვაკეთებთ და ა.შ. - ამ შემთხვევაში რაღაცების დათვლა და თვლა მორალური არ არის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.