-
+
10 აგვისტო. 2016. 10:43
აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეების მხრიდან ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებსა და შესაბამის პასუხებს აქვეყნებს.
ყველაზე აქტუალური კითხვა-პასუხები მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, როგორც სააღსრულებო პროცედურების, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების შესახებ.
Ø რა დოკუმენტაციაა საჭირო სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებისთვის?
სააღსრულებო საქმის წარმოების დასაწყებად აუცილებელია:
- სააღსრულებო ფურცელი (დედანი);
- გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც ამოწერილია სააღსრულებო ფურცელი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- წარმომადგენლობის შემთხვევაში მინდობილობა სააღსრულებო ფურცლის შემოტანის უფლებით;
- კრედიტორის საბანკო რეკვიზიტი.
Ø რა ვადაში უნდა იქნას გადახდილი კრედიტორის მიერ სააღსრულებო საქმისწარმოების საფასური?
- სააღსრულებო ფურცლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, საჭიროა კრედიტორმა გადაიხადოს აღსრულების საფასური, მოთხოვნილი თანხის 2% და არანაკლებ 50 ლარი.
Ø რა ვადა ეძლევა მოვალეს ნებაყოფლობით შეასრულოს ვალდებულება?
- სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მოვალეს ეგზავნება წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. აღნიშნული შეტყობინების ჩაბარებიდან, მოვალეს ეძლევა 7 კალენდარული დღის ვადა, ნებაყოფლობით შეასრულოს ვალდებულება.
Ø კრედიტორს რა ვადით შეუძლია შეაჩეროს სააღსრულებო წარმოება?
- კრედიტორის წერილობითი მომართვის საფუძველზე, სააღსრულებო წარმოება შესაძლებელია შეჩერდეს არაუმეტეს 3 თვის ვადით.
Ø თუ არის შესაძლებელი მოხდეს ფულადი ვალდებულების გადანაწილება და რა ვადით?
- სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის თანახმად, ფულადი მოთხოვნის გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს არაუმეტეს 12 თვის ვადით.
- იმისათვის რომ, მოხდეს ფულადი მოთხოვნის განწილვადება, საჭიროა კრედიტორის და მოვალის წერილობითი თანხმობა.
Ø სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან რა ვადაშია შესაძლებელი, განხორციელდეს აუქციონის დანიშვნა?
- ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში ტარდება იძულებითი აუქციონი.
Ø რამდენჯერ გადის ქონება აუქციონზე?
- დაყადაღებულ ქონებზე შესაძლებელია დაინიშნოს:
- წინმსწრები აუქციონი;
- პირველი აუქციონი;
- პირველი განმეორებითი აუქციონი ;
- მეორე განმეორებითი აუქციონი (ე.წ ნულოვანი აუქციონი).
Ø რა ხდება იმ შემთხვევაში თუ დაყადაღებული ქონების მეორე განმეორებით აუქციონზე რეალიზაცია ვერ განხორციელდა?
- თუ ქონების რეალიზაცია მეორეგანმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციისგან მახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. აღნიშნულ ქონებაზე იმავემ ოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება.
Ø რა დოკუმენტაციის წარმოდგენაა საჭირო გამარტივებული წარმოების დასაწყებად?
გამარტივებული წარმოების მომსახურების მისაღებად აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
- სააპლიკაციო განცხადება;
- ვალის არსებობის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია;
- წარმომადგენლობის შემთხვევაში მინობილობა;
- აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტი.
Ø რა ღირს გამარტივებული წარმოება?
- ერთი სამართლებრივი საფუძვლით შემოტანილ განცხადებაზე საფასური ფიქსირებულია და შეადგენს 100 (ასი) ლარს.
- წილობრივი ვალდებულების შემთხვევაში, თუ მოთხოვნა წარდგენილია ერთზე მეტი აპლიკანტის მიერ ან/და მიმართულია ერთზე მეტი რესპონდენტის წინააღმდეგ, სააპლიკაციო საფასური შეადგენს 100 (ასი) ლარს თითოეულ პირთან მიმართებაში.
- აპლიკანტს შეუძლია გადახდის ბრძანების გამოცემის ან მოვალის მხრიდან მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, წინასწარ და წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, მოითხოვოს ბრძანების აღსრულება. ამისთვის, მან აღსრულების მომსახურების საგარანტიო თანხა, მოთხოვნის 2% უნდა გადაიხადოს, რომელიც აღსრულების შემდეგ მას უკან დაუბრუნდება.
- გადახდის ბრძანების აღსრულებასთან ერთად აპლიკანტს შეუძლია მოითხოვოს რესპოდენტის ქონების მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება, რომლის საფასური თითოეულ ქონებაზე შეადგენს 50 ლარს.
Ø გამარტივებული წარმოების დაწყებიდან, რა ვადაში გადაეცემა საქმე ქეის-მენეჯერს?
- დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გამარტივებული წარმოების მრჩეველი ამოწმებს განცხადების და თანდართული დოკუმენტების ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს და შემდგომ საქმე გადაეცემა გამარტივებული წარმოების ქეის-მენეჯერს.
Ø რა ხანდაზმულობის ვადა აქვს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებულ ჯარიმებს?
- ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებულ ჯარიმებზე მოქმედებს 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული ვადის დინება იწყება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან.
Ø რა დოკუმენტაციაა საჭირო სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვისას წარმოების დასაწყებად?
- სააღსრულებო ფურცელი (დედანი)
- სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- წარმომადგენლობის შემთხვევაში მინობილობა სააღსრულებო ფურცლის შემოტანის უფლებით;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- კომპეტენტური ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ქონების შეფასების დასკვნა.
Ø რა ღირს ფაქტების კონსტატაციის სერვისით სარგებლობა?
- ფაქტების კონსტატაციის სერვისით სარგებლობა სამუშაო საათებში ღირს 100 ლარი; არასამუშაო საათებში - 150 ლარი.
„აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია, მოქალაქეებისთვის სააღსრულებო პროცესი გამჭვირვალე, ხოლო სერვისები - ხელმისაწვდომი იყოს", - აცხადებენ უწყებაში.