logo_geo
eng_logo
ლაშა დარსალია: სამწუხაროა, რომ კვლავ მოვისმინეთ უკრაინული მხარისგან მსგავსი ტიპის განცხადება იმის ფონზე, რომ საქართველომ ოფიციალურად მოითხოვა კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა კონტრაბანდული ტვირთების შესაძლო გავლის თაობაზე
- +

6 აპრილი. 2022. 15:58

 

 

ლაშა დარსალია გუშინ უკრაინის დროებით რწმუნებულთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ანდრეი კასიანოვმა ბრალდებების მტკიცებულებები ვერ წარადგინა, მსგავსი განცხადებები კი ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.

 

„ჩვენ კატეგორიულად მოვთხოვეთ უკრაინულ მხარეს წარმოადგინოს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც უკრაინელი დიპლომატის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა რომ ის წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში აღნიშნული შეხვედრის შინაარსზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსგავსი ტიპის ბრალდებებისა და განცხადებების დესტრუქციულ ხასიათს და აღინიშნა, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს და დიდ რისკს შეიცავს მათ შორის საქართველოს უსაფრთხოებისა და რეპუტაციის თვალსაზრისით. უკრაინელ დიპლომატს მიეწოდა ქართული მხარის შესაბამისი კომპეტენტური უწყების პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით, მეტიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გაკეთდა დამატებითი განმარტებები, მათ შორის მსგავს თემებზე თბილისის მხრიდან პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის და თანამშრომლობის შესახებ.

 

„სამწუხაროა, რომ კვლავ მოვისმინეთ უკრაინული მხარის მიერ მსგავსი ტიპის განცხადება, მით უფრო იმის ფონზე, რომ საქართველომ ოფიციალურად მოითხოვა კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა კონტრაბანდული ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გავლის თაობაზე. მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნების მიმართ მტრული ნარატივების გავრცელებას და აზიანებს ქვეყნების უსაფრთხოებას. ამასთანავე, ქართული მხარე სთხოვს უკრაინულ მხარეს ამგვარი უსაფუძვლო განცხადებებით ნუ მოახდენს დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაციას და ნარატივების ტირაჟირებას, რაც ნამდვილად არ შედის ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხის ინტერესებში და ხელს უწყობს გარე ძალებს დამატებითი პროვოკაციებისთვის. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში“, - განაცხადა დარსალიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner