აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი გორის რეგიონულ სასამართლოს ესტუმრა. ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობისთვის საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება კვლავაც მაღალი პრიორიტეტია. ამის დასტურია საქართველოში აშშ-ის მისიის ოცდაათი ოფისისა და სააგენტოს მუშაობა. ბევრი მათგანი ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ ააშენოს და გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მუშაობა გორის სასამართლოსთან ოჯახური ძალადობის საქმეებზე რეაგირების, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის, სასამართლო პროცესის უწყვეტობისა და მტკიცებულებების პროცესების გაუმჯობესების კუთხით.
ასევე, USAID-ის კანონის უზენაესობის ახალი პროგრამა ეხმარება სასამართლოებს საქართველოში, უფრო სწრაფად მოახდინონ რეაგირება საზოგადოების საჭიროებებზე.
კელი დეგნანის თქმით, აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, ააშენოს დემოკრატია და მიჰყვეს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
„უკრაინაში მიმდინარე ძალზედ სამწუხარო მოვლენები არ შეასუსტებს აშშ-ის მთავრობის შესაძლებლობას, გააგრძელოს საქართველოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება. პირიქით, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, ააშენოს დემოკრატია და მიჰყვეს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.