logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ომი შეიძლება, გაგრძელდეს მრავალი თვე და წლებიც კი, NATO უნდა იყოს მზად
- +

6 აპრილი. 2022. 18:43

 

 

„ეს ომი შეიძლება, გაგრძელდეს მრავალი თვე და წლებიც კი, NATO უნდა იყოს მზად“, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, NATO მრავალი წელია, უჭერს მხარს უკრაინას და ამ დახმარებამ უკვე გამოიღო შედეგი.

 

სტოლტენბერგის განმარტებით, სწორედ ამ დახმარების და უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცის დამსახურებაა, რომ ბრძოლის ველზე სურათი ყოველდღიურად იცვლება.

 

სტოლტენბერგი ვარაუდობს, რომ მინისტრები იმსჯელებენ უკრაინისთვის დახმარების გაზრდაზე.

 

„ველოდები, რომ დღეს და ხვალ მინისტრები იმსჯელებენ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მხარდაჭერის კიდევ უფრო გასაზრდელად. მოკავშირეები აწვდიან შეიარაღებას უკრაინას, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას, ასევე, ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს, სხვადასხვა თანამედროვე შეიარაღებას, მსუბუქ და მძიმე შეიარაღებასაც. მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ ვიტყვი, რომ ის, რასაც აკეთებენ მოკავშირეები, მნიშვნელოვანია და ეს მოიცავს მძიმე სისტემებსაც“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ამასთან ერთად, NATO-ს გენერალურმა მდივანმა არ გამორიცხა, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული ომი უკრაინაში მრავალი წელი გაგრძელდეს და ამის გამო NATO-მ უკვე დაიწყო გრძელვადიანი თავდაცვის გეგმის მომზადება.

 

„ჩვენი ვფიქრობთ, რომ ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს ახლავე და პრეზიდენტ პუტინს აქვს შესაძლებლობა, დაასრულოს ომი, თუ ჯარებს გაიყვანს და შეწყვეტს დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყნაზე, უკრაინაზე თავდასხმას და დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, კეთილსინდისიერად გამოსავლის მოსაძიებლად. ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, რომ ეს ომი შეიძლება, გაგრძელდეს დიდხანს, რამდენიმე თვე და წლებიც კი. ამიტომ NATO უნდა იყოს მომზადებული გრძელვადიანი თავდაცვისთვის. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, შევინარჩუნოთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და გავაძლიეროთ თავდაცვა. მე ველოდები, რომ მინისტრები გრძელვადიან პერსპექტივას განიხილავენ. მე ასევე მჯერა, რომ როცა არ უნდა დასრულდეს ომი, ამას ექნება გრძელვადიანი შედეგები ჩვენი უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ ვნახეთ სისასტიკე და პუტინის ნება, გამოიყენოს სამხედრო ძალაა, რათა მიაღწიოს ამოცანებს. ამიტომ ამან შეცვალა ევროპაში უსაფრთხოების რეალობა მრავალი წლით. ჩვენ დავიწყეთ პროცესი და დავავალეთ სამხედრო მეთაურებს, შესთავაზონ ვარიანტები NATO-ს ქვეყნების ლიდერებს, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილება, როგორ უნდა გადახალისდეს თავდაცვა და შეკავება გრძელვადიანი პერიოდისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner