დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქალაქ ბუჩაში ახლო მანძილიდან გადაღებული სხეულების ხილვა გენოციდისგან არაფრით განსხვავდება.
„როდესაც ვუყურებთ იმას, თუ რა ხდება ბუჩაში, ეს იმის გამოვლინებაა, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში სჩადის, რაც ჩემთვის გენოციდს არაფრით ჩამორჩება. შესაბამისად, არც ხალხის რეაქციაა გასაკვირი. ეჭვი არ მეპარება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავ მიიწევს წინ ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე მეტი სანქციების დაწესების მიზნით“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას „დადგმული“ უწოდა.