„ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელზეც ჯერ განცხადება უნდა გააკეთო და შემდეგ ეძებო მტკიცებულებები. მტკიცებულება ან გაქვს, ან არ გაქვს. თუ აკეთებ ასეთ განცხადებას, ამ მასშტაბის სკანდალის მოლოდინით, მაშინ ელემენტარული მტკიცებულება მაინც უნდა გქონდეს,“ - უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.
„ამ დეზინფორმაციული ჰიბრიდულ ომის მიზანია მსოფლიოს, ცივილიზებულ სამყაროს საქართველო წარუდგინონ როგორც პუტინის შავი ხვრელი. ამ სიტყვების ავტორია ჩემი კოლეგა „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე. მან ეს სიტყვები უკრაინული არხის ეთერში თქვა და აქედან დაიწყო ჰიბრიდული ომის ეს მიმართულება. მაშინ გააჟღერა დეკანოიძემ საკუთარი „ეჭვიც“ კონტრაბანდაზე. ორი კვირის შემდეგ უკვე უკრაინის ოფიციალური უწყება აკეთებს ისეთ განცხადებას, რომელის აღწერისთვისაც შეურაცხყოფა რბილი სიტყვაა. ამ განცხადებას აკეთებს ქვეყნის მიმართ, რომელიც უკრაინის შემდეგ ნომერ პირველი რისკ ქვეყანაა და საერთო მტერი გვყავს. ისინი ღია ომში, ჩვენ კი ჰიბრიდულ ომში ვართ და ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.
სუსმა უკრაინულ მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.