„ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა, დემარშის ტოლფასია. დემარშს აკეთებს ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის მტრული სახელმწიფოა. დემარშამდე კიდევ არის დიპლომატიური გზა, როდესაც ნოტას უგზავნიან სახელმწიფოები ერთმანეთს, მაგრამ მედიის საშუალებით ასეთი ინფორმაციის გაჟღერება რბილად რომ ვთქვა, მტრულ განზრახვას მოიცავს,“ - ამის შესახებ ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ უკრაინაზე საუბრისას განაცხადა.
„რა სახის სამხედრო დანიშნულების კონტრაბანდული ტვირთი შეიძლება ყოფილიყო, რომელმაც შეიძლება ასე დააზიანოს უკრანის სამხედრო პოტენციალი ან პირიქით, გაზარდოს რუსეთის სამხედრო პოტენციალი. სჭირდება თუ არა რუსეთს რეალურად მსგავსი დახმარების მიღება საქართველოს გავლით, ნუთუ ასე უჭირს? ნებისმიერი ნივთი ჭკვიანი ადამიანის ხელში, რომელიც სამხედრო საქმეშია ჩახედული და ტექნიკური მხარე ესმის, შეიძლება იქცეს მომაკვდინებელ იარაღადაც“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.
სუსმა უკრაინულ მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.