logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: სამარცხვინოა ასეთი განცხადება!
- +

10 აგვისტო. 2016. 11:31


 

„თითქოს „ქორწინების" ტერმინის დაზუსტებით რუსულ საქმეს ვაკეთებთ, რბილად რომ ვთქვათ, სამარცხვინოა",- ამ სიტყვებით აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის" და „რესპუბლიკური პარტიის" განცხადებებს, რომ ვინც ქორწინებასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ ცვლილებებს მხარს უჭერს, ავტომატურად პრორუსულ ნარატივს იმეორებს. კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება" NATO-სა და ევროკავშირის მიმართულებით მიდის.

 

„სამარცხვინოა ასეთი განცხადება. მე მხარს ვუჭერ პარლამენტში ინიცირებულ პროექტს და რა თქმა უნდა, მომხრე ვარ, გაკეთდეს ეს დაზუსტება. ამის გამო, სასაცილოა იმის მტკიცება, რომ არ ვარ პრორუსი და აბსოლუტურად ვიზიარებ ევროპულ ღირებულებებს. ასეთი განცხადებები განსაკუთრებით მიუღებელია ჩვენი ყოფილი პარტნიორებისგან, რომელთან ერთადაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და გადავდგით არაერთი ნაბიჯი დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

 

ყველა კვლევა ადასტურებს ქართველი ხალხის ურყევ ნებას NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. დიახ, დღევანდელი ხელისუფლება სწორედ ამ მიმართულებით მიდის და იმის თქმა, რომ თითქოს „ქორწინების" ტერმინის დაზუსტებით რუსულ საქმეს ვაკეთებთ, რბილად რომ ვთქვათ, სამარცხვინოა. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვიცი, რა მიზანი ამოძრავებს იმ ძალას, რომელმაც რეფერენდუმის საკითხი დააყენა, მაგრამ „ქართული ოცნება" ამ საკითხის დარეგულირებას ითხოვდა საპარლამენტო ფორმაში სწორედაც ჩვენი საზოგადოების წუხილის საპასუხოდ. ისინი, ვინც ამ საკითხს დასავლურ და რუსულ ღირებულებებთან აკავშირებენ, ნებსით თუ უნებლიეთ, თავად ახდენენ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, რაც ძალიან სამწუხაროა",- განაცხადა კობახიძემ.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner