„მსგავსი განცხადებები არის აბსოლუტურად არაფერზე დაფუძნებული, ტყუილი, შეურაცხმყოფელი და ცილისწამება ქართული სახელმწიფოს მიმართ“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას.
„ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავსი რამე კეთდება მეგობარი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება. სუს-მა უკრაინულ მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.