„ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა და მათ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებსა და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა,“ - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დისკუსია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა. მასში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
მინისტრის განცხადებით, მთავრობა მზად არის ბიზნესთან ღია და გახსნილი დიალოგისთვის, მათგან კონკრეტულ შემოთავაზებებსა და რეკომენდაციებს ელოდება, რაც შეძლებისდაგვარად იქნება გათვალისწინებული.
„ვფიქრობ, რომ მხოლოდ ასეთი გახსნილი დიალოგის პროცესი მოგვცემს საშუალებას, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც გვთავაზობს ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის დაგეგმილზე ადრე გაკეთების მიზეზების შესახებ. მისი თქმით, ეს იყო საქართველოს მთავრობის მკაფიო განაცხადი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია ქვეყნის სუვერენიტეტის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ღირსეული ურთიერთობების უზრუნველსაყოფად.
მისივე თქმით, ევროკავშირთან ორმხრივ ვაჭრობაში დადებითი ტენდენცია შეინიშნება. კერძოდ, 2022 წლის იანვარი-თებერვალში სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 49 პროცენტით, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 21 პროცენტია და 537 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. რაც შეეხება ექსპორტს, ის 57%-ით გაიზარდა, საქართველოს მთლიანი ექსპორტის 21 პროცენტი (159 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. ვიცე-პრემიერის თქმით, 2021 წლის მონაცემებით, ევროკავშირში ქართული ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 70,6%-ით გაიზარდა და 962 კომპანია შეადგინა.
ვიცე-პრემიერმა დისკუსიის მონაწილეებს ასევე ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამები გააცნო, რომლებიც ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს მოიცავს.