საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ კურატორს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ელენა გორდეევას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით წარმატებით დასრულებულ პროექტებზე. ასევე, განიხილეს მიმდინარე პროექტების სტატუსი, მათ შორის, ისაუბრეს ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობის პროგრესზე.
ირაკლი ქარსელაძემ მადლობა გადაუხადა ბანკის წარმომადგენლებს ქვეყნისა და მისი რეგიონებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში მრავალწლიანი და აქტიური მხარდაჭერისათვის.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა, ერთობლივად განხორციელებული წარმატებული პროექტების გათვალისწინებით, გამოთქვეს მზადყოფნა სამომავლო კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული ოფისის წარმომადგენლები თეა მელიქაძე და სოფიო ჩიხრაძე.