სამგორის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი შიხიაშვილის საარჩევნო შტაბის ორგანიზებით, სამგორში ღია ცის ქვეშ, დიდ მონიტორზე „ხრუშჩოვკების" პრობლემების გადაჭრის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც პრობლემით შეწუხებული ათასობით ადამიანი დაესწრო.
შიხიაშვილმა სამგორის მოსახლეობას „ხრუშჩოვკების" პრობლემის გადაჭრის დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა, რომლის შემდეგაც ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტიც გაიმართა.
როგორც სამგორის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პრეზენტაციისას აღნიშნა, თუ პრობლემა დაუყოვნებლივ არ მოგვარდა, 110 000 ადამიანი შესაძლოა ქუჩაში დარჩეს.
„2013 წელს თბილისის ბიუჯეტიდან ავარიული კორპუსებიდან გამოსახლებული მოქალაქეებისთვის ბინის ქირის საკომპენსაციოდ 1,889,000 ლარამდე იხარჯებოდა. 2016 წელს ავარიული კორპუსებიდან ქირით გაყვანილია 1700-მდე ოჯახი და ბიუჯეტიდან იხარჯება 6,000,000 ლარამდე და ეს ციფრი ყოველთვიურად მზარდია. 28 მილიონ ლარამდე იხარჯებოდა ბიუჯეტიდან ავარიული კორპუსების გასამაგრებლად. „ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტი რეალურია და სწორედ ეს პროცესი დეტალურად გავაცანით დღეს აქ შეკრებილ ასობით ადამიანს. დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ, რომ სავალალო შედეგები თავიდან ავიცილოთ. არ უნდა დავუშვათ, დაახლოებით 110 000 ადამიანი უსახლკარო გახდეს. ჩვენ უკეთესი ხვალინდელი დღე უნდა შევქმნათ. ეს ხალხი იმსახურებს და ერთად შევქმნით ასეთ მომავალს ", - განაცხადა შიხიაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას.
როგორც სამგორელები აცხადებენ ე.წ. ხრუშჩოვკები მათთვის ურთულესი პრობლემაა და იმედი აქვთ საკითხი გადაწყდება. მარინა ლეკიშვილი: „9 წელია, ქირით ვართ გასულები. „ხრუშჩოვკების" თემა ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია და იმედი მაქვს მისი განხორციელება მოხდება და მხოლოდ პროექტად არ დარჩება. ხრუშჩოვკებს უნდა ეშველოს და საბოლოოდ დამთავრდეს ეს ავარიული სახლების თემა".