პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველო-არგენტინის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი ხელაშვილმა არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო არგენტინის აუსტრალის უნივერსიტეტის მართვის სკოლის საპარლამენტო სწავლებისა და კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და არგენტინის ნეუკენის პროვინციის პარლამენტის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა „მკვლევართა და პარლამენტართა საერთაშორისო სემინარი პარლამენტებისა და წარმომადგენლობითი ერთეულების როლი 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე“.
გიორგი ხელაშვილი უძღვებოდა მოდულს „საქართველოს საკონსტიტუციო და პოლიტიკური რეფორმების პროცესი: საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რეჟიმამდე“. სიტყვით გამოსვლისას, მან მიმოიხილა საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლისას განხორციელებული რეფორმების ძირითადი ასპექტები, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერების კუთხით და ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც აღნიშნულ პროცესს თან ახლდა.