ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიისა და უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკეების ცნობების ფონზე, საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პერსონალური სანქციების მეხუთე პაკეტის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, სანქციების მიზანია, შეაჩეროს რუსეთის ჯარების უგუნური, არაჰუმანური და აგრესიული ქცევის შეჩერება და გააგებინოს კრემლში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ უკანონო აგრესია ძვირი დაუჯდებათ.
„ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი 2022 წლის აგვისტოდან კრძალავს ქვანახშირისა და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის რუსეთისგან შეძენას, იმპორტსა და ტრანსპორტირებას. ამჟამად, ევროკავშირი წელიწადში 8 მილიარდი ევროს ღირებულების ქვანახშირის იმპორტს ახორციელებს.
ამასთან, რუსეთში რეგისტრირებული გემებისთვის იბლოკება ევროკავშირის პორტებზე წვდომა. გამონაკლისს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქტები და სურსათი, ასევე ჰუმანიტარული დახმარება და ენერგოპროდუქტები;
ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსულ და ბელარუსულ ავტოტრანსპორტს ეკრძალება სახმელეთო გადაზიდვა. გამონაკლისს წარმოადგენს ზოგიერთი პროდუქტი, როგორიცაა მედიკამენტები, სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქტი, მათ შორის ხორბალი, ასევ ჰუმანიტარული სახმელეთო გადაზიდვები;
იზღუდება რეაქტიული საწვავის, ასევე კვანტური კომპიუტერების, მაღალტექნოლოგიური ელექტრონიკის, სატრანსპორტო აღჭურვილობის ექსპორტი. იკრძალება ისეთი პროდუქტების იმპორტი, როგორიცაა ხის მასალა, ცემენტი, ფერტილაიზერები, ზღვის პროდუქტები და ალკოჰოლური სასმელები;
იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მოქმედი სანქციების გვერდის ავლა, ევროკავშირი კრძალავს რუსული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას, ფართოვდება შეზღუდვა კრიპტოსაფულეების დეპოზიტებზე, ბანკნოტებისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე;
ამას გარდა, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება „შავ სიაში“ შეიყვანოს ის კომპანიები, რომელთა პროდუქციამ ან ტექნოლოგიებმა შეასრულეს როლი რუსეთის ინტერვენციაში, ასევე ოლიგარქები, ბიზნესმენები, მაღალჩინოსნები, პროპაგანდისტები, ასევე უკვე სანქცირებული პირების ოჯახის წევრები. ამას გარდა, ტრანზაქციები სრულად იკრძალება რუსეთის ოთხ წამყვან ბანკთან, რომლებზეც მოდის რუსეთის მთლიანი საბანკო სექტორის წილის 23%“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შესაბამისი სანქციები უახლოეს მომავალში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.