საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ნახსენები ნეიტრალიტეტი „პატრიოტთა ალიანსმა“ მოსკოვამდე „ჩაიტანა“. ისინი ამ ორ პარტიას შორის კავშირზე საუბრობენ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეგნებულად ცდილობს გააქტიუროს ნეიტრალიტეტის საკითხი, მაშინ როდესაც ხელისუფლება ამ თემაზე არ საუბრობს. მათი თქმით, იმ დროს როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო ევროპასთან ერთად დგას, მინიმუმ უხერხულია რუსეთის გვერდით დგომა.
„ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველაფერი ერთმანეთს, თუ გავითვალისწინებთ ხოლმე, რომ ამგვარი პარტიები ერთ ფანჩატურში აღმოჩნდებიან ხოლმე „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ და მათ ინტერესებს ემსახურებიან ნებსით თუ უნებლიედ. ყველაფერი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, შემდეგ აჰყვა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოხარკე პარტიები დაეწყვნენ რიგში და გადაუხადეს ხარკი დიდ მიხეილს, პატიმარს. შემდეგ ამ ნარატივში ხმაშეწყობილად დაიწყო საუბარი „პატრიოტთა ალიანსმა“. ხვალ არის 9 აპრილი. ეს მაინც გაიხსენონ ადამიანებმა, როცა მოსკოვის გზას დაადგებიან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ და შეხვედრებს მართავენ.