logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: პარლამენტი არის ადგილი, სადაც საზოგადოების მიერ ნდობით აღჭურვილი ადამიანები ქვეყნისთვის სასარგებლო კანონების შექმნაზე მსჯელობენ
- +

8 აპრილი. 2022. 16:01

 

 

„გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილის, ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორის, მირიანა სპოლიარიჩ ეგერის ვიზიტის ფარგლებში პარლამენტში ახალგაზრდული ღონისძიება - „საპარლამენტო თავგადასავალი“ გაიმართა“, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„გვქონდა შესაძლებლობა, რომ სახელმძღვანელოში დასმულ კითხვებზე თქვენს მიერ გაცემული პასუხები წაგვეკითხა. გვიხარია, რომ ასეთი ხედვა გაქვთ. უკვე კარგად ხართ გაცნობიერებული და იცით, რომ პარლამენტი არ არის ის ადგილი, ამ სიტყვის პირდაპირი თარგმანით, სადაც ადამიანები შეიკრიბებიან და საუბრობენ - ეს ბევრად მეტია. ეს არის ის ადგილი, სადაც საზოგადოების მიერ ნდობით აღჭურვილი ადამიანები იკრიბებიან და საჯაროდ მსჯელობენ ქვეყნისთვის სასარგებლო და საუკეთესო განვითარების უზრუნველმყოფი კანონების შექმნაზე. ეს პროცესი გამჭვირვალეა ყველასთვის, მათ შორის, თქვენთვის. იცით, რომ საქართველოში პარლამენტარიზმს დიდი ხნის ისტორია აქვს და ჯერ კიდევ თამარ მეფის დროიდან მოდის, თუმცა, შემდგომმა პერიოდებმა, გარკვეულად, უკან დაგვხია ამ მიმართულებით, განსაკუთრებით, სამოცდაათმა წელმა მე-20 საუკუნეში. ახლა გვეძლევა საშუალება, კარგად გავიხსენოთ ის, რაც საქართველოში ყოველთვის იყო განვითარებული“, - მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ.

 

მისი განცხადებით, მაღალი რანგის სტუმარს საქართველოში საპარლამენტო ცხოვრების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით, პერსონალური წვლილი აქვს შეტანილი. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ პირველი სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოების - „რა ვიცით პარლამენტის შესახებ“, ისაუბრა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, ევროკავშირსა და გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად შეიმუშავა.

 

სიტყვით გამოსვლისას, დავით სერგეენკომ პარლამენტარიზმსა და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

სტუმრებს მიმართა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ. გიორგი ამილახვარის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბდა და მნიშვნელოვანია, პარლამენტარიზმის შესახებ ცნობიერება გაიზარდოს.

 

„სახელმძღვანელოს მეშვეობით, უკვე იცით, რომ ბოლო საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა თქვენ იმყოფებით ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო და პოლიტიკურ ორგანოში. საქართველო სწორედ ახლა გადის საპარლამენტო ქვეყნად ჩამოყალიბების პირველ ნაბიჯებს და მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ცნობიერება და ცოდნა პარლამენტის, მისი ფუნქციების და ხალხის ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ. სწორედ ამ მიზნით, ევროკავშირსა და UNDP-ის პროგრამასთან თანამშრომლობით შეიქმნა სახელმძღვანელო, რომელიც პილოტურ რეჟიმში 50 სკოლაში უკვე დანერგილია და დაახლოებით, 2000-მა მოსწავლემ, მე-5, მე-6 და მე-7 კლასებში, როგორც სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო, უკვე გაიარა. ვფიქრობ, ბევრი რამ შეიტყვეთ პარლამენტის შესახებ“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, შექმნილია დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელო პედაგოგებისთვისაც. გიორგი ამილახვარმა აღნიშნა ისიც, რომ კომიტეტის საკომუნიკაციო გეგმის თანახმად, ის კოლეგებთან ერთად, სკოლებში ვიზიტს და მოსწავლეებთან აღნიშნული სახელმძღვანელოს შესახებ დეტალურ საუბარს გეგმავს.

 

გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორის მოადგილე, ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორი ქალბატონი მირიანა სპოლიარიჩ ეგერის განცხადებით, UNDP მოხარულია საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით.

 

„მოხარული ვარ, რომ სახელმძღვანელო შეიქმნა. ასევე, გავეცანი თქვენს მოსაზრებებს, თუ როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებდით პარლამენტის წევრები რომ იყოთ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომავალი იყოს ისეთი,როგორსაც ბავშვები ისურვებენ და ხედავენ. პარლამენტი ხალხის მიერ არჩეული ორგანოა და ხალხს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, თუ გექნებათ სურვილი, გახდეთ პარლამენტის წევრები, განსაკუთრებით - გოგონები“, - განაცხადა მირიანა სპოლიარიჩ ეგერმა.

 

სტუმრის განცხადებით, მისთვის შთამბეჭდავი იყო ის სამუშაო, რომელიც საქართველოს პარლამენტმა შენობის შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ადაპტირებისთვის გასწია.

 

„როდესაც პარლამენტს ვათვალიერებდი, ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე იმ ფაქტმა, რომ ეს შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. მნიშვნელოვანია, რომ მათაც შეუძლიათ, იმუშაონ საკანონმდებლო ორგანოში. ეს იქნება იმის საწინდარი, რომ კანონები იქნება ისეთი, რომელიც მათ დაიცავს და შესაძლებლობებს მისცემს.

 

ასევე შთამბეჭდავია, რომ ჯერ კიდევ ასი წლის წინ, საქართველოს პარლამენტში არჩეულნი იყვნენ ქალები. დიდი დრო გავიდა მანამ, სანამ იმავე მოხდა ევროპის ქვეყნებშიც. თქვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ქალებს ხმის მიცემის უფლება დიდი ხნის წინ ჰქონდათ“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მირიანა სპოლიარიჩ ეგერმა.

 

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და ევროკავშირთან (EU) თანამშრომლობით სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო - „რა ვიცით პარლამენტის შესახებ?“, საპილოტეთ 50 საჯარო სკოლაში დანერგა. დღევანელ ღონისძიებაში აღნიშნული სკოლების სამოქალაქო განათლების საგნის პედაგოგებმა და ამავე სკოლების 100-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

 

ღონისძიების ფარგლებში, დეპუტატები და სტუმრები, საგანგებოდ დღევანდელი ღონისძიებისთვის პარლამენტის მიერ მომზადებულ პოსტერებზე ბავშვების მიერ დაწერილ მოსაზრებებს გაეცნენ, ასევე ნახეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მომზადებული ვიდეო რგოლი - „რა ვიცით პარლამენტის შესახებ“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner