საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებულებს ბრალი 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დევნა, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მარტს, ქ.ზუგდიდში, ერთ-ერთ პოლიტიკური პარტიის ოფისთან, გ.გ.-მ და ბ.ძ.-მ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის ე.გ. -ს და ოპერატორის ზ.ა.-ს მიმართ, მათი ჟურნალისტური საქმიანობის გამო უკმაყოფილება გამოხატეს, შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სამართალდამცველებმა გ.გ. და ბ.ძ. 8 აპრილს, სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დევნა, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველოს პროკურატურა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.