გერმანიაში უკრაინის ელჩი ანდრი მელნიკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთზე გერმანიის სამარცხვინო ენერგოდამოკიდებულების მსხვერპლი გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ეს არ არის მხოლოდ რუსული გაზი, ეს არის ნავთობი, ქვანახშირი, ლითონი, ალმასები და სხვა ნედლეული. ჩვენ გავხდიდით ამ უზნეო ურთიერთობების ყველაზე დიდი მსხვერპლი. უკრაინელები ამ წარუმატებელი გერმანული პოლიტიკის საფასურს საკუთარი სიცოცხლით იხდიან“, – განუცხადა ანდრი მელნიკმა „როიტერს“.
მისივე თქმით, გერმანიის პოლიტიკურ ელიტას როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ უკრაინას ომის მოგება შეუძლია.
„რუსეთთან ასეთი თვალთმაქცობის სათავე „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელი აგრესიის დროს გერმანიის დიდი დამოკიდებულება რუსეთზე სამარცხვინოა. გერმანია ისევე შორს არის იმ მხარდაჭერიდან, რომელიც ჩვენ დღეს გვჭირდება, როგორც ის ომის დასაწყისში იყო. 40 დღეზე მეტი ხნის შემდეგაც, გერმანიის პოლიტიკურ ელიტას, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ უკრაინას ამ ომის მოგება შეუძლია“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა.
დღეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეათანხმა, რომელიც რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. თუმცა როგორც სააგენტო „როიტერი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, ეს ზომა გერმანიის მიერ შემსუბუქებული იყო. „როიტერის“ ცნობით, ევროკომისიის თავდაპირველი ინიციატივით, იგეგმებოდა ქვანახშირის იმპორტის აკრძალვის ამოქმედება სამ თვეში, თუმცა ძირითადად გერმანიის მხრიდან ძალისხმევით, ეს ვადა ოთხ თვემდე გახანგრძლივდა. ევროკავშირი რუსეთიდან ქვანახშირის მთავარი იმპორტიორია.