logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: გვჭირდება რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციების კოქტეილი, რომელიც დაგვამახსოვრდება როგორც „მოლოტოვის კოქტეილები“
- +

8 აპრილი. 2022. 18:15

 

 

„ჩვენ გვჭირდება ეფექტური, ძლიერი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და სანქციების კოქტეილი, რომელიც დაგვამახსოვრდება როგორც „მოლოტოვის კოქტეილები“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ზელენსკის თქმით, ევროპის ქვეყნებმა რუსეთთან ეკონომიკური კავშირები სრულად უნდა გაწყვიტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ფინელ დეპუტატებს მოუწოდა, მოახდინონ ზეწოლა ფინურ კომპანიებზე, რომლებიც ამ დრომდე რუსეთში საქმიანობენ.

 

„კიდევ რამდენ ხანს შეუძლია ევროპას უგულებელყოს რუსეთიდან ნავთობის ემბარგოს დაწესების აუცილებლობა? გთხოვთ, ეს კითხვა ხმამაღლა დასვათ ევროკავშირში ყველას წინაშე, რათა საჭირო გამოსავალი საბოლოოდ გამოჩნდეს. მსოფლიომ იცის ფორმატები, როგორ გააკეთოს ეს. თუ ევროპას ახლა არ სურს, ფიზიკურად შეაჩეროს მიწოდება, თუ ის არ არის მზად, თუმცა ეს მაინც გარდაუვალია, აუცილებელია, როგორც პირველი ნაბიჯი, გამოიყენოს სქემა, რომ შეზღუდოს ფულის ნაკადები რუსეთში ნავთობისთვის. დაე, ეს ფული დაგროვდეს სპეციალურ ანგარიშებზე რუსეთის მიერ მათზე წვდომის გარეშე“, – თქვა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს რაც შეიძლება მეტი დაქირავებული ადამიანის შეკრებას მთელს მსოფლიოში, რომლებსაც შეუძლიათ იარაღის ხელში ჭერა, უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.

 

„რუსეთმა უკრაინის დასაპყრობად გამოიყვანა თავისი არმიის ყველა ბრძოლისუნარიანი ძალები შორეულ აღმოსავლეთამდე, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. ამიტომ, რუსეთი აგროვებს რაც შეიძლება მეტ ადამიანს, ვისაც შეუძლია იარაღის ხელში ჭერა, რათა გააგრძელოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეძებს დაქირავებულებს მთელს მსოფლიოში, აგზავნის მებრძოლებს სხვადასხვა დე ფაქტო ტერორისტული დაჯგუფებიდან და ზოგიერთი რუსი ოფიციალური პირის მიერ შექმნილი ე.წ. კერძო არმიებიდან. თითქმის 200 000 რუსი დამპყრობლიდან იყვნენ ისეთებიც, ვინც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ არ ებრძოლა – ისინი გაიქცნენ რუსეთში, განზრახ ჩაბარდნენ ან სერიოზული დაზიანებები მიიყენეს. მათი ჯარის უმრავლესობა აგრძელებს ბრძოლას უმიზეზოდ ჩვენს მიწაზე, აბსოლუტურად უაზროდ და რაც შეიძლება სასტიკად. აგრძელებს ბრძოლას ისე, რომ ხშირად ფიქრობ, არიან თუ არა ისინი საერთოდ ადამიანები“, – თქვა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner