„ჩვენ დაგვაბრალეს, რომ რუსებს იარაღით ვეხმარებით და, პრაქტიკულად, რუსების მხარეს ვართ უკრაინელების წინააღმდეგ. ამაზე დიდი შეურაცხყოფა ძნელი წარმოსადგენია“, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავას თქმით, ესაა ცილისწამება ჩვენი ქვეყნის, ყველა ჩვენგანის წინააღმდეგ.
„მსოფლიოში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ასეთი ესკალაცია, როგორსაც დღეს ვხედავთ, სულ რაღაც 3-4 თვის წინ წარმოუდგენელი იყო. ამ სიგიჟის გაჩერების მცდელობა არსაიდან ჩანს, პირიქით, ყველა მხარე ცდილობს, ის, რაც უკრაინაში ხდება, რაც შეიძლება, უფრო გაამწვავოს. სამწუხაროდ, ამას ჩვენი მეგობარი ერის უამრავი ადამიანი ეწირება. ბუნებრივია, ეს ჩვენზე პირდაპირ აისახება, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ქვეყანა არნახული ცილისწამების და ზეწოლის ქვეშაა. სამწუხაროდ, დღევანდელი უკრაინის ხელისუფლება სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ თავის საქმეში სასოწარკვეთილები არიან. ამის რამდენიმე მაგალითი არსებობს. ცდილობენ, რაიმე სახით ჩაანაცვლონ ის უბედურება, რომელიც საკუთარ ქვეყანას თავს დაატეხეს. საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ არესტოვიჩის ინტერვიუ ენახა, სადაც მან პირდაპირ განაცხადა, რომ ჰქონდათ შესაძლებლობა, უკრაინის ხალხისთვის ის უბედურება, რომელიც ქვეყანას თავს დაატყდა, აეცილებინათ, ეს არ გააკეთეს. მიზეზი მოიყვანეს სამარცხვინო, სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს, რომ, თურმე, საკუთარი საზოგადოება წინასწარ რომ გაეფრთხილებინათ, ტანკების გადაადგილება რთული იქნებოდა. ამ ადამიანებისგან, ზელენსკისგან, არახამიასგან, არესტოვიჩისგან, მაგათი უშიშროების საბჭოს მდივნისგან გასაკვირი აღარაფერი უნდა იყოს. ისინი თავიანთ ქვეყანას და ხალხს არ ინდობენ და საქართველოს რატომ დაინდობენ?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი განცხადებები, განსაკუთრებით, უკანასკნელი ცილისწამება, რომლის მოწმენიც ვიყავით. ეს არ არის პარტიული ცილისწამება. ესაა ცილისწამება ჩვენი ქვეყნის, ყველა ჩვენგანის წინააღმდეგ, ესაა შეურაცხყოფა, რომლის იქითაც აღარაფერი არსებობს.
ჩვენ დაგვაბრალეს, რომ რუსებს იარაღით ვეხმარებით და, პრაქტიკულად, რუსების მხარეს ვართ უკრაინელების წინააღმდეგ. ეს დაუშვებელია, მიუღებელია. ვერავინ გაიმართლებს თავს იმით, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლებას ეხება იმიტომ, რომ თუ ეს ასე ხდება, ე.ი ამაში უამრავია ადამიანია ჩართული, უბრალო მოქალაქე, რომელიც სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობს, იქნებიან ეს საგზაო პოლიციის, საბაჟოს თანამშრომლები, თუ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, ასევე, ჩვენ, ყველა, მოქალაქეები, რომლებიც ამის ვხედავთ და ხმას არ ვიღებთ. ამაზე დიდი შეურაცხყოფა ძნელი წარმოსადგენია. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ნებისმიერი, ვინც ამას აკეთებს, ჩვენი ქვეყნის მტერია. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ცილისწამებაში მონაწილეობს, ჩვენი ქვეყნის მტერია. ამ გაუგონარ ბარბაროსობაში ჩვენი ჩარევა, მით უმეტეს, ბარბაროსების მხარეს, აბსოლუტურად შეუწყნარებელია, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ეს ნებისმიერი ჩვენგანისთვის წყალგამყოფია“, – განაცხადა ხაინდრავამ.
კინორეჟისორი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. ხაინდრავამ მედიის წარმომადგენლებს აჩვენა ვიდეო, სადაც ჟურნალისტი, ვახო სანაია ამბობს:
„მასალა „ფორმულას“ ექსკლუზიურად მიაწოდეს: ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ათეულობით სამხედრო დანიშნულების სხვადასხვა ტიპის მანქანა გადაადგილდება. კოლონას, სატრანსპორტო სფეროს ექსპერტების განმარტებით, არცერთი ქვეყნის სატრანზიტო ნომერი არ აქვს. ტექნიკამ საბაჟო კონტროლი უკვე გაიარა. უცნობია, რა დანიშნულებისაა მანქანები და რა მიმართულებით მიდის კოლონა ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ“.
ხაინდრავას თქმით, ეს ქვეყნის მტრობაა.
„ახლა მინდა, გაჩვენოთ, ქართველი ბარბაროსები რას ჩადიან. რაც სანაიამ გააკეთა, ამ ქვეყნის მტრობაა. ძალიან მარტივად გასაგები იყო ის, თუ რა მანქანებია, სად მიდიან, როგორ მიდიან, ესაა ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაში მიზანმიმართული, წინასწარ დაგეგმილი მონაწილეობა. მინდა, სანაიამ იცოდეს, რომ ეს ეპიზოდი მთელი ცხოვრება გაჰყვება. ყველა ადამიანმა, ვინც დღეს ცილისწამების, იმ გაუგონარი ამბის მხარეს დგას , რაც ჩვენ დაგვაბრალეს, იცოდეს, რომ ეს წყალგამყოფია. ისინი არც ჩვენი მეგობრები, არც ჩვენი თანამოქალაქეები არიან. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, – განაცხადა ხაინდრავამ.