„ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი საქართველოს სავარაუდოდ ორშაბათს გადაეცემა,“ - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სავარაუდოდ ორშაბათს ე.წ. კითხვარი გადმოგვეცემა - ევროკომისარი გაფართოების საკითხებში და სამეზობლოს მიმართულებით გადმოგვცემს შესაბამისს დოკუმენტს. ქართული მხარე სულმოუთქმელად ელოდება დოკუმენტს. კითხვარი არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. საქართველოში შესაბამისი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, არის ინსტიტუტი, რომელიც ამ დოკუმენტზე პასუხების მომზადებას კოორდინაციას გაუწევს“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.