logo_geo
eng_logo
პაატა ნაცვლიშვილი: სირაქლემობის დასასრულის დასაწყისი
- +

9 აპრილი. 2022. 13:53

 

 

1989 წლის 9 აპრილის მოვლენები 1988 წლის ნოემბრის შიმშილობის აქციით დაიწყო. ხელისუფლება ჯიუტად არ იმჩნევდა მასობრივ პროტესტს და თუ იმდროინდელ პრესას გადავხედავთ, თითქოს მხოლოდ იმით იყო აღელვებული, რომ შიმშილობის აქცია ხელს უშლიდა ტრანსპორტის მოძრაობას დედაქალაქში. მაგრამ თუნდაც ამ ხელისშეშლის საილუსტრაციოდ დიდხანს არც ერთი კადრი არ უჩვენებიათ ტელევიზიით და არც ერთი ფოტო არ გამოქვეყნებულა პრესაში. მოკლედ, დიდი სირაქლემობა სუფევდა – თავი ქვიშაში და სიგარეტი – პირში!

 

პირველი ვიზუალური საჯარო დოკუმენტი, სადაც საქართველოში დაწყებული პერმანენტული აქციაა ასახული, გახლავთ აი, ეს ფოტო, რომელიც გაზეთ „სამშობლოს“ 1988 წლის 24-ე, ნოემბრის, ნომერში დაიბეჭდა მე-3 გვერდზე. ფოტო ჩემი თხოვნით თუ დავალებით, სპეციალურად გაზეთ „სამშობლოსთვის“ გადაიღო ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა ფოტორეპორტიორმა, აწ განსვენებულმა გოგი ცაგარელმა. ფოტო ერთვის ქართული პრესის მიმოხილვას, რომლის ავტორი ზურაბ აბაშიძე გახლავთ.

 

 

1985 წლიდან მოყოლებული, მთავარი რედაქტორი ვარ ხან რის და ხან რის, და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს არაფრის გამოქვეყნება ისე არ გამჭირვებია, როგორც ამ, ერთი შეხედვით, უწყინარი ფოტოსი. საამისოდ ალესილი დანის პირზე სიარული მომიხდა. ვისაც საბჭოთა პრესა და მისი მარწუხები ახსოვს, ადვილად გაიგებს ჩემს მაშინდელ მდგომარეობას. ახალგაზრდა ვარ, „ახკომში“ ერთხელ უკვე მოხსნილი, ის-ის არის, დამნიშნეს „სამშობლოს“ რედაქტორად, თანამდებობას კი ვუფრთხილდები, მაგრამ პროფესიული მოვალეობა და ღირსება მეტი მიღირს...

 

ამ ფოტოს გამო ცენზორთა მითითება, მათთვის მოულოდნელად, გავაპროტესტე და მერე უკვე დიდი ბრძოლა გადამხდა არა მხოლოდ ცენზურასთან, არამედ პარტიის ცენტრალურ კომიტეტთანაც, სადაც ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ შუბი ხალთაში არ დაიმალებოდა და ნაწილობრივ დათმეს, რაშიც – და ეს ხაზგასმული მადლიერებით უნდა ითქვას, – გადამწყვეტი როლი ითამაშა ცეკას პროპაგანდის განყოფილების მაშინდელმა გამგემ ნუგზარ ფოფხაძემ.

 

ხოლო ნაწილობრივ-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ მასალას ორი ფოტო უნდა დართვოდა, მაგრამ ერთი მათგანი ბოლოს მაინც ამოგვაღებინეს, რადგან ის საერთო ხედით იყო გადაღებული, დიდ ტერიტორიას მოიცავდა და მოვლენის მთელ მასშტაბს ასახავდა, მანამდე არნახულსა და შთამბეჭდავს. ეს კი, პარტიული ხელმძღვანელობის აზრით, მაშინ მართლა მეტისმეტი იქნებოდა, რადგან ოფიციოზი დაბეჯითებით იმეორებდა, რომ აქცია მცირერიცხოვანი იყო და მხოლოდ ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა, მეტი არაფერი.

 

მერე და მერე „სამშობლოს“ ამ გარღვევას ნელ-ნელა მოჰყვა სხვა ფოტოები სხვა გაზეთებშიც და ბოლოს ტელევიზიაშიც გამოჩნდა პერმანენტული აქციის ამსახველი მოკლე და „დავარცხნილი“ კადრები. ამ პროცესის ტრაგიკული ფინალი იყო 9 აპრილის ღამეს იური როსტის მიერ გადაღებული ფოტოები გაზეთში „მოლოდიოჟ გრუზიი“, რომელსაც ვახტანგ აბაშიძე რედაქტორობდა. მერე ამას მეორე იურის –  იური მეჩითოვის – ის საყოველთაოდ ცნობილი ფოტოც მოჰყვა, 9 აპრილის ერთგვარ ფოტოსიმბოლოდ რომ იქცა.

 

„მოშიმშილეთა ერთი ჯგუფი მთავრობის სასახლის კიბეებზე“ – ასეთი წარწერა აქვს „სამშობლოში“ გოგი ცაგარელის ამ ფოტოს. სადღაც კი მაქვს არქივში, მაგრამ, სამწუხაროდ, ფოტოს ორიგინალს ჯერჯერობით ვერ მივაკვლიე. თუმცა სურათის წინა პლანზე ხუთი პიროვნება მეტ-ნაკლებად მკაფიოდ ჩანს, ვინ არის მასზე ასახული, არც დღეს ვიცი და არც მაშინ ვიცოდი. საინტერესოა, იქნებ 33 წლის შემდეგ ვინმემ იცნოს მისი ახლობელი ან საკუთარი თავი?..

 

თითქოს არაფერი, ჩვეულებრივი სურათია, მაგრამ მგონია, რომ ეს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოა ქართული პრესის ისტორიაში.

 

9 აპრილი, 2022

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner