logo_geo
eng_logo
გიორგი საბედაშვილი უკრაინული დაზვერვის განცხადებაზე: სამწუხაროა, რომ ინფორმაცია, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია და ბრალდება, რომელიც მძიმეა, ჩვენთვის ცნობილი გახდა მედიის საშუალებით
- +

9 აპრილი. 2022. 20:53

 

 

„ქრონიკაში“ სუსის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინელი კოლეგების მიერ მათთან კომუნიკაცია იმ არხების საშულებით, რომლის შესახებ ისინი კარგად ინფორმირებულნი არიან, არ ყოფილა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ინფორმაცია, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია და ბრალდება, რომელიც მძიმეა, ჩვენთვის ცნობილი გახდა მედიის საშუალებით და მას შემდეგ ველოდებით ჩვენი კოლეგების, ჩვენი პარტნიორების მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იმ არხების მეშვეობით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ წლების განმავლობაში კომუნიკაციისთვის, რაიმე ფორმით ამ ინფორმაციის დადასტურებას ან დამატებითი ინფორმაციის გამოგზავნას მაინც“, - განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამორიცხულია მსგავსი ტიპის პროცესების არსებობა, თუკი რაიმე ტიპის ინფორმაცია აქვთ ჩვენს კოლეგებს, იმედს ვიტოვებთ, რომ ოფიციალური ხაზებით ამ ინფორმაციას გაგვიზიარებენ.

„ეს ხაზები მათთვის კარგად არის ცნობილი. ამ ხაზებით კომუნიკაცია არ შეგვიწყვეტია არც ომამდე პერიოდში, არც ომის დროს. დღეში რამდენჯერმე გვაქვს მათთან კომუნიკაცია და ჯერჯერობით ამ ეტაპზე არანაირი დამადასტურებელი ფაქტი არ გვაქვს“, - განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება. სუსმა უკრაინულ მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner