ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022 დაიწყო. პირველი ტურის ფარგლებში ფესტივალის ჟიური სამუშო ჯგუფთან ერთად საჩხერის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩავიდა.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით სპეციალური ჟიური 28 მუნიციპალიტეტში გეგმავს ჩასვლას.
ცაგერის კულტურის სახლში ჟიურიმ ცაგერისა და ლენტეხის მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ კოლექტივებს, ავტორმთქმელებს, ზეპირსიტყვიერების შემკრებთ, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატებს მოუსმინა, აღწერა და დაათვალიერა.
ლენტეხიდან ანსამბლებმა სვანური სიმღერა-ფერხულები წარმოადგინეს, ზეპირსიტყვიეტების ოსტატებმა კი საკუთარი შემოქმედება და სიტყვიერი ფოლკლორის ტრადიციული ნიმუშები გაგვაცნეს.
ცაგერის ანსამბლმა ტრადიციული ლეჩხუმური სიმღერები შეასრულა. გამოიფინა ტრადიციული რეწვის, ხეზე მხატვრული კვეთისა და ფერწერის ნიმუშები.
ეროვნული ფესტივალი 2022-ის პირველი ტური 15 ივნისს დასრულდება. მეორე ტური და ფინალი კი შემოდგომაზე გაიმართება.
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი ყოველ ხუთ წელში იმართება და მისი მიზანი საქართველოში არსებული ყველა ფოლკლორული ანსამბლის, ინდივიდუალური შემსრულებლის, თუ საოჯახო ანსამბლის მოსმენა და აღწერაა. ეროვნული ფესტივალი 2022 კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.