9 აპრილი, ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული დღე, ჩვენი ოჯახისთვისაც გამორჩეულია. 1989 წლის 9 აპრილიც და 1991 წლის 9 აპრილიც კარგად მახსოვს, მაგრამ ყველაზე მეტად მახსოვს, როგორც მამაჩემის, ავთანდილ პოპიაშვილის და მისი თანამოაზრეების თავისუფლებისათვის უანგაროდ გაღებული დიდი ენერგიის, ბრძოლის, თავდადების, თავისუფლების უკიდეგანო სიყვარულისა და რწმენის დრო.
ამ დღეზე ბევრი მიფიქრია ბავშვობაშიც, როცა მამა მთელი თავისი სასიცოცხლო ძალებითა და ენერგიით ჩართული იყო ქვეყნისთვის თავისუფლების მოპოვების ურთულეს და თავისი ცხოვრებისათვის უმთავრეს საქმეში. ამ დღეზე ვფიქრობ დღესაც, როცა 24 წელია, მამა ჩვენს გვერდით არ არის და ვფიქრობ, როგორ იპოვა ჩვეულებრივ შემთხვევაში ძალზე მორიდებულმა, ყოველდღიურ მიეთ-მოეთს გარიდებულმა, წვრილმანებზე მაღლა მდგომმა ადამიანმა, ჭეშმარიტმა ფილოსოფოსმა, ფილოსოფიური აზრის მკვლევარმა და იდეალების მსახურმა, რომელიც საერთოდ არ ინტერესდებოდა ყოფითი დეტალებით, ის ძალა, ის შემართება, ის ენერგია, უზომო პასუხისმგებლობა, რომ ასე თავდადებით ებრძოლა და ემუშავა თავისუფლებისთვის.
მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საზოგადოების დიდი ნაწილი შეგუებული და მორგებული იყო საბჭოთა სისტემას: არ იცოდნენ, რა არის თავისუფლება და არ სჯეროდათ დამოუკიდებლობისა. შეიძლება ისიც ითქვას, რომ არც უნდოდათ, ვერც წარმოედგინათ სხვანაირად ცხოვრება. სისტემასთან დაპირისპირებას მრავალმხრივი მუშაობა სჭირდებოდა.
მახსოვს მამას წერილები რესპუბლიკურ და რაიონულ გაზეთებში, ნეგატიური გამოხმაურებები და ამ გამოხმაურებებზე პასუხები. შეხვედრები რაიონულ ცენტრებში, სოფლებში. უზარმაზარი ძალა, უდიდესი ენერგია და დიდი შრომა უძღვოდა 1991 წლის 9 აპრილს.
სწორედ ასეთი, მორიდებული და სხვა შემთხვევაში უთქმელი, იმხელა ძალას ფლობდა, ისეთი შემართული იყო, ისე მზად ამ გზისთვის, ამ ბრძოლისთვის...
დიდი სითბოთი მახსენდება მამას და მისი თანამოაზრეების, მეგობრების საუბრები საქართველოს მომავალზე. მახსოვს, კახეთში რომ ჩაჰყავდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ლექციების, საუბრების ჩასატარებლად. აკაკი ბაქრაძესთან შეხვედრა მახსოვს მაჩხაანის ისტორიულ კლუბში, ზურაბ კიკნაძე არხილოსკალოში ჩაიყვანა, ზაფხულის თაკარა მზეში ვიდექით, ჩრდილიც არსად იყო, რომ შევფარებულიყავით...
9 აპრილი თავისუფლების დღეა!
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე მამას ხელმოწერაა!
მადლობა თავისუფლებისთვის, მამა!