მმართველი გუნდი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურად და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულად აფასებს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, ამ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა და ეს მხოლოდ ერთი ადამიანის, ანატოლი ბიბილოვის პირადი კამპანიის შემადგენელი ნაწილია.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. არჩევნები ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული და მას არ აღიარებს არც საერთაშორისო თანამეგობრობა, და, ბუნებრივია, არც ჩვენ“, - აცხადებს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.
„ცხინვალის რეგიონში უკანონო ხელისუფლებამ რა არჩევნები და რეფერენდუმიც არ უნდა ჩაატაროს, ბუნებრივია, ეს იქნება არაკანონიერი. საზოგადოებას კიდევ უნდა შევახსენოთ, რომ გარე და შიდა ექსპერტები ამას აფასებენ, როგორც ანატოლი ბიბილოვის პირადი კამპანიის შემადგენელი ნაწილია, ასე რომ, ამ პროცესს არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება“, - აცხადებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.