ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე საპასუხოდ კითხვარი გადასცა.
დოკუმენტი ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ლუქსემბურგში გადასცა. კითხვარში 369 კითხვაა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის რომელიმე პარტნიორს მიუღია. მანამდე, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველები 2000-დან 5 000-მდე კითხვაზე სცემდნენ პასუხს.
კითხვარი აუცილებელი ეტაპია ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე. კითხვარზე საქართველოს ხელისუფლების მიერ პასუხების გაცემის შემდეგ, ევროკომისია მოამზადებს დასკვნას და ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კითხვარის შესავსებად საქართველოს 1,5 თვე აქვს.