6 მარტს ქალაქ ბუქარესტში, „რომპეტროლის“ სათავო ოფისის სერვერებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. აღნიშნული ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების ონლაინ გამოცემა thecybersecuritytimes.com-მა გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამია, რომ თავდასხმის უკან კიბერდანაშაულებრივი ჯგუფი Hive დგას, რომლის კომპლექსურმა შეტევებმა რუმინული კომპანიის ვებგვერდებსა და სერვისებს პრობლემა შეუქმნა. სათავო ოფისის სერვერებზე მომხდარმა ინციდენტმა კომპანია არა მხოლოდ რუმინეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც დააზარალა, მათ შორის, საქართველოშიც.
„რომპეტროლ საქართველომ“ სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე მომხდარის შესახებ რამდენიმე განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას არსებული ვითარების გამომწვევი მიზეზი აუხსნა. მიუხედავად ამისა, მომხმარებლებში გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა კიბერშეტევის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდეს.
https://www.facebook.com/RompetrolGeorgiaLtd/photos/a.236512206470707/4769085156546700/
კიბერთავდასხმის შედეგად, სისტემურმა შეფერხებამ „რომპეტროლ საქართველოს“ სხვადასხვა სერვისის შეზღუდვა გამოიწვია და კვლავ შეზღუდულია ლოიალობის ბარათების გამოყენებაც.
ამ ფონზე, საინტერესოა, რას ფიქრობენ კომპანიაში, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის საზოგადოების განწყობა და რა სიახლეების შეთავაზებას გეგმავენ სამომავლოდ ?
ამ კითხვებს „რომპეტროლ საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი თეონა შალამბერიძე პასუხობს.
- ქალბატონო თეონა, როგორ აგრძელებს კომპანია მუშაობას არსებულ რეალობაში და რამდენად რთულია შექმნილ ვითარებასთან გამკლავება?
- მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელთა წინაშეც სათავო ოფისის სერვერებზე მომხდარმა კიბერ თავდასხმამ დაგვაყენა, სამუშაო პროცესი მაქსიმალურად გუნდურად და შეთანხმებულად მიმდინარეობს. ბუნებრივია, რომ ამ ვითარებაში მუშაობა არ არის მარტივი, თუმცა ეს გამოწვევა დროებითია და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მას უახლოეს პერიოდში გადავლახავთ. ამ ვითარებაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „რომპეტროლ საქართველო“ ერთ მუშტად შეკრული და მეგობრული გუნდია.
- რა არის ამ მოცემულობაში კომპანიის მთავარი საზრუნავი და გეგმავთ თუ არა რაიმე სიახლის შეთავაზებას მომხმარებლებისთვის ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ?
- მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლია, რომლებიც დღეს, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით, დროებით ვერ სარგებლობენ ჩვენი ყველა შეთავაზებით. არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ გეტყვით, რომ ლოიალობის ბარათის მფლობელებისთვის გარკვეული საშეღავათო პირობები რამდენიმე მიმართულებით მუშავდება.
- როგორ ფიქრობთ, აღნიშნული პროცესი მოახდენს თუ არა უარყოფით გავლენას მომხმარებელთა რაოდენობაზე?
- მრავალწლიანი არსებობის განმავლობაში, მომხმარებელს ჩვენი პრიორიტეტები კარგად გავაცანით. ვფიქრობთ, რომ სწორედ თანადგომის განცდა, ნდობა და ზრუნვაა ის, რაც ჩვენ საკუთარ მომხმარებელთან გვაკავშირებს. ეს არის ჩვენი წარმატების გასაღები. ვიმედოვნებთ, რომ ტექნიკური სამუშაოები მალე დასრულდება და ჩვენი მომხმარებლელი კვლავ შეუფერხებლად შეძლებენ ყველა იმ სერვისით სარგებლობას, რის გამოც უკვე წლებია, „რომპეტროლს“ ირჩევენ. რაც შეეხება ფორსმაჟორულ სიტუაციას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს ქმნის მომხმარებლისთვის, ამისგან, სამწუხაროდ, არავინ ვართ დაზღვეულნი. მთავარი ის ნდობაა, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები გვიცხადებენ.
„რომპეტროლის“ ტექნიკური გუნდი თავდასხმის დღიდან აქტიურად მუშაობს შექმნილი ხარვეზების გამოსწორებაზე. ისინი ცდილობენ, მომხმარებლებს ყველა სერვისზე აღუდგინონ წვდომა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით შეფერხება სრულად არ აღმოფხვრილა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და გარკვეული სერვისების მუშობა უკვე განახლდა. როგორც „რომპეტროლ საქართველოს“ მომხმარებელთა ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ბალაძე აღნიშნავს, კორპორატიული მომსახურების Fill&Go-ს ფუნქციონალი უკვე აღდგენილია და სატესტო რეჟიმში მუშაობს.
„ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ მომხმარებლებს სერვისებზე წვდომა აღუდგეთ. გარკვეული ნაწილი უკვე აღდგენილია. მაგალითად, სატესტო რეჟიმში უკვე გაშვებულია კორპორაციული მომსახურების Fill&Go სისტემა, რის შესახებაც ადამიანებს ინფორმაციაც მივაწოდეთ.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ყოველი მომხმარებლის განწყობა და შეფასება, ყურადღებით ვადევნებთ თვალს მათ გამოხმაურებას, ყოველთვის ვცდილობთ, გავითვალისწინოთ მათი მოსაზრება და კიდევ უფრო გაუმჯობესებული მომსახურება შევთავაზოთ“, - აცხადებს კომპანიის მომხმარებელთა ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ბალაძე.
https://www.facebook.com/RompetrolGeorgiaLtd/photos/a.236512206470707/4769106219877927/