„დღეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა. ჩვენ დღეს ევროკავშირისგან მივიღეთ ის კითხვარი, რომელსაც ალბათ, რამდენიმე წელი არ ველოდით. ეს არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რომელიც ჩვენ ქვეყანას გაუჩნდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას გადეცა კითხვარი და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისთვის.
„ეს არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რაც ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა. ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროპულ საბჭოს და კიდევ უფრო უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას და უკრაინისთვის ბრძოლას. რომ არა ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა, არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის მოვიდოდა ეს დღე ამას ვერავინ იტყოდა. ევროკავშირმა ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღო რომ ეს პროცესი აეჩქარებინა და ეს პროცესი გაეხადა უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიუროკრატიული. ეს იყო ის, რაც გავიგე როცა ბრიუსელში ვიყავი და რაც მერე რეალობაში გადავიდა. დღეს ვხედავ, რომ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს ეს კითხვარი გადაეცა. ეს არ არის მხოლოდ კითხვარი და ამაზე „კი-ს“ და „არა-ს“ პასუხი. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებელი შემდეგი თაობის წინაშე. ჩვენ ან შევძლებთ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ ან ვერ შევძლებთ. ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, არავინ სხვაზე. ამიტომ ამისთვის უნდა იყოს ყველა ძალა მობილიზებული. ეს არის ის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება რომელიმე ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებებით და ძალისხმევით. თუ რამეს ჰქვია ეროვნული, ეს არის ეროვნული საქმე, ეს არის ეროვნული ინტერესი. მე არ წარმომიდგენია რომ ასეთი უდიდესი ეროვნული საქმე, რომელზეც ჩვენი წინაპრებიც ოცნებობდნენ, პირველი დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, ამ საქმის მიმართ არ ვიყოთ ყველანი გაერთიანებული. მთლიანად პოლიტიკური სპექტრი იმის მიუხედავად ვინ რა გააკეთა, ვინ რას აბრალებს და რას არა. აქ არის მართლა ჩვენი მომავალი სასწორზე და გადავწყვიტოთ როგორ გვინდა, ამ მოკლე პერიოდში რაც მოცემულია იმისთვის, რომ ამ კითხვარს ვუპასუხოთ. ეს კითხვარი ეხება საქართველოს როგორ არის დღეს, რა პრობლემები არსებობს და რა მიღწევები. 9 აპრილი და ეს 31 წელი იმიტომ იყო, რომ ამ დღემდე მივსულიყავით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ამ დღეს არ მივუდგეთ სრული ერთსულოვნებით. ვინც ამის ირგვლივ არ არის გაერთიანებული, ის საქართველოს ირგვლივ არ არის გაერთიანებული. იმას არ სჯერა საქართველოს მომავლის. ამიტომ მინდა ყველას მოგიწოდოთ, ქალაქსა თუ სოფელში, მოსახლეობა, პოლიტიკური პარტიები, ყველა უნდა გავერთიანდეთ! ეს არის ეროვნული თანხმობა და ეროვნული და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენ შეგვიძლია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.