logo_geo
eng_logo
დვალი, დვალმა, დვალს,..
- +

11 აპრილი. 2022. 20:54

 

 

ერთი ძალიან ცნობილი გამოთქმის პერიფრაზით დავიწყებ - გია დვალი ჩემი მოგვარეა, მაგრამ სიმართლე და სახელმწიფო ინტერესი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია... მსოფლიოს ისტორია იცნობს სხვადასხვა სფეროს ბევრ წარმატებულ ადამიანს, რომლებიც არათუ თავისი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არამედ ჩვეულებრივ ყოფით ურთიერთობებშიც ვერ ახერხებდნენ ღირსეულად წარმოეჩინათ თავი. ორიოდ დღის წინ, სამწუხაროდ, ასეთთა რიგებში ჩაეწერა ავტორიტეტული ფიზიკოსის, გია დვალის სახელიც.

 

ბატონი გია ჩემი წერილების „სტუმარი“ ადრეც ყოფილა. გემახსოვრებათ, როცა ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა მცდელობა, განათლებისა და მეცნიერების რეფორმების ჯგუფის ხელმძღვანელობა გია დვალისთვის ჩაებარებინა. აშკარა იყო, რომ კარგი ფიზიკოსობა არ აღმოჩნდა საკმარისი პირობა მასშტაბური ცვლილებების შესამუშავებლად. ფეხბურთს ვერ ვითამაშებ, მაგრამ კარგი და ცუდი ფეხბურთელის გარჩევა არ მეშლება. აქაც ასეა - არ იყო ძნელი, გია დვალის დაბნეული საუბრებიდან ის დასკვნა გაგეკეთებინა, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა (არც გამოვიდა).

 

მთავრობის მეთაურობიდან საზოგადოებრივ სექტორში გადანაცვლების შემდეგ, ბატონი ბიძინას მეორე მცდელობას, ე.წ. რეფორმის იმავე საწყისზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, ასეთი სიტყვებით შევეხმიანე (მაქსიმალურად ვცდილობდი, აკადემიურად, მოზომილად გამომეხატა ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება):   

 

ბატონო ბიძინა, „არ ჩანს, რომ ძველი შეცდომები კვალიფიციურად გაქვთ გაანალიზებული. საქმის წარმატებისთვის კადრების შერჩევას, როლების ცოდნის, უნარისა და გამოცდილების მიხედვით გადანაწილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თქვენ ისევ გია დვალით დაიწყეთ საუბარი. ბატონ გიას, ალბათ, საპატიო თავმჯდომარის სტატუსი უფრო მოუხდებოდა, თუ მისი ავტორიტეტის გამოყენება მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ. რეფორმას უნდა წარმართავდნენ ის ადამიანები, ვისაც ამ სფეროს სისტემური ხედვა გააჩნიათ, ზედმიწევნით იცნობენ მას ეტაპების, საფეხურების ჭრილში.“ (For.ge 19.04.2014 – „ასე ვერ გავფრინდებით“)

 

მეორე მცდელობა სწრაფადვე ჩაიშალა. აშკარა იყო, რომ გია დვალი ამ ტვირთის ზიდვას ვერ მოახერხებდა, ვერ აიღებდა პასუხისმგებლობას აღნიშნულზე. ამაში არაფერი კატასტროფული არ არის - არ შეუძლია, არ არის მისი საქმე და მორჩა. მაგრამ ეტყობა ამ „მცდელობებმა“ მაინც დატოვა თავისი კვალი.

 

უმძიმესი საყურებელი იყო, „ცნობილი მეცნიერის“ იმიჯის მქონე პიროვნების „ქვეყნის სიამოვნებით დამაზიანებლის“ იმიჯის მქონე გვარამიას განზომილებაში „კლონირება“.  გია დვალს მაგრად რომ შეეშალა, ამის საბუთად, ამა თუ იმ გარემოში ადამიანების ქცევის მეტ-ნაკლებად მცოდნე კაცისთვის (მთელი საქართველო ასეთია), მისი საუბრის სამი ძირითადი მახასიათებლის ჩამოთვლაც საკმარისი იქნება: კატეგორიულობა, ისტერიულობა და ბრალდებების (არა უკმაყოფილების ან პრეტენზიების, არამედ სწორედაც რომ ბრალდებების) ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე უსისტემოდ გადმონთხევა. ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური მეცნიერების წარმომადგენლის მხრიდან საკუთარი პასუხისმგებლობისადმი ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებულ გაკვირვებას იწვევს და ტოვებს იმ ზემოხსენებულ განცდას, რომ „პატრიოტიზმის ამოხეთქვა“ სუბიექტური მიზეზებით არის ნაკარნახევი.

 

ა) არამეცნიერულ წრეებშიც კი ცნობილია, რომ კატეგორიულობა პრიმიტივიზმის ნიშანია და როცა გამოხატვის ამ ფორმას მიმართავს განათლებული და ცხოვრებაში ბევრის მნახველი კაცი, ვიტყვით ხოლმე, ბოღმამ გონება დაუბნელაო, ანუ ღირსება და პასუხისმგებლობა რაღაც პირადულმა გადაწონაო;

 

ბ) როგორც ფსიქოლოგები და ფსიქიატრები გვარწმუნებენ, ისტერიკა ძირითადად ქალური თვისებაა, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში რაღაც მსგავსი მამაკაცებსაც ემართებათ ხოლმე. დღევანდელ ქართულ რეალობაში ამის უამრავი მაგალითი გვაქვს იმავე გვარამიას, გია ხუხაშვილის, ირაკლი კაკაბაძისა და კიდევ სხვა მრავალი „ტელეგმირის“ სახით. ეს მდგომარეობა, როგორც წესი, მაშინ ვლინდება ხოლმე, როცა ესა თუ ის ამბიციური, ან გარკვეული სუბიექტური ინტერესის მატარებელი პერსონა რაიმეს მტკიცებას ვერ ახერხებს ფაქტებისა და არგუმენტების არ ქონის გამო და იმავდროულად, როცა მოწინააღმდეგის დიდ უპირატესობას მთელი არსებით გრძნობს, მაგრამ საკუთარ თავთანაც კი არ ძალუძს ამის აღიარება. ასეთ უმწეო მდგომარეობაში მყოფი, თანაც ბოღმით სავსე კაცი, სასოწარკვეთილის კონვულსიებში რომ ვარდება, შეიძლება სულაც არ მოგვეჩვენოს უჩვეულო მოვლენად;

 

გ) ფაქტებისა და არგუმენტების თემა, თვითონაც შეამჩნევდით, თავისთავად მოვიდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან განსხვავებული შეხედულებების დაპირისპირების შემთხვევაში, სიმართლის განმსაზღვრელი სწორედაც რომ ფაქტები და არგუმენტებია, რადგან მათ გარეშე „დისკუსიები“ მხოლოდ ყაყანი და ლანძღვა-გინებაა. როცა ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე ცდილობ რაღაცა კატეგორიულად ამტკიცო და ამის გამო, როგორც მოაზროვნე არსება, აშკარად გრძნობ, რომ ობიექტური მაყურებლის თვალში სრულიად არადამაჯერებლად გამოიყურები, ბუნებრივია, სასოწარკვეთაც გეუფლება და ეს ყველაფერი ისტერიკაში გაგდებს.

 

მსგავსი სამარცხვინო „დიალოგი“ იშვიათად მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერს ვუყურე და ცოცხალი ეთერის ეფექტი, აპრიორი, დაკარგული უნდა ყოფილიყო, მაინც დამზაფვრელი ზემოქმედების მსხვერპლი გავხდი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ყველას ჰქონია ცხოვრებაში განცდა, როცა სხვის მაგივრად გრცხვენია... მთელი საქართველოს წინაშე, ცნობილ მკადრებელთან დუეტში, ასეთი ამაზრზენი სანახაობის „გმირად“ რომ წარმოჩნდები, თუ ცოტაოდენი თავმოყვარეობა გაგაჩნია, საზოგადოებას როგორ უნდა დაენახვო?..

 

ჩემი პარიკმახერი მეორე დღეს მიყვებოდა (გადაცემა „ლაივში“ ჰქონდა ნანახი): ვა-ა, ეს რა იყო, ტო-ო... ისეთ სიგიჟეებს „გამოდიოდნენ“, მეგონა ბოლოში ცირკს მოაწყობდნენ (უნდოდა ეთქვა, პერფორმანსს მოაწყობდნენო) და წყვილ-წყვილად ღვინოში და „ბორჯომში“ ჩააფსამდნენ... ვა-ა, ნაღდი „ისტერიჩკები“ (ანუ, ისტერიკებიო) იყო, ტო...

 

პიროვნულის ვერდაძლევის პრობლემა „იმედის“ ეთერში „დაზადნებულზეც“ აშკარად ჩანდა. ყველანი, სამწუხაროდ, რესპოდენტის მხრიდან საუბრის ისევ ფაქტებიდან „აღქმების“ ტალღაზე გადატანის სამარცხვინო მცდელობის მოწმენი გავხდით.

 

არ გეკადრებათ, ბატონო გია, სირცხვილია.   

 

ბიძინა  დვალი

11.04.2022 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner