logo_geo
eng_logo
ფისო ნავროზაშვილი: საქართველო სამუდამო სამყოფელისაკენ გააცილებს დიდ ადამიანს
- +

12 აპრილი. 2022. 00:26

 

 

ეროვნული მოძრაობის მონაწილე, ემიგრანტი ფისო ნავროზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ხვალ საქართველო  სამუდამო სამყოფელისაკენ გააცილებს დიდ ადამიანს, საქართველოს  უახლოესი ისტორიის მემატიანეს ავთანდილ რცხილაძეს.

 

დიდება თქვენს ხსოვნას ჩვენო ძმაო და მეგობარო!

 

სრულიად საქართველოს, ყველა ჭეშმარიტ მამულიშვილს ვუსამძიმრებთ ეროვნული მოძრაობის ღვაწლმოსილი და უერთგულესი წარმომადგენლის, დღემდე თავდაუზოგავად მებრძოლის, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრის, ავთანდილ რცხილაძის გარდაცვალებას!

 

სამშობლომ დაკარგა ადამიანი, რომელიც მუხლჩაუხრელად, უანგაროდ იღწვოდა ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის!

 

ავთანდილ რცხილაძე დაიბადა 1939 წლის 19 ივნისს თბილისში, ჩაჩავას კლინიკაში, სადაც ასევე დაიბადნენ მისი პაპა, მამა, ბიძა და და...

 

1946 წელს ჩაირიცხა და დაასრულა თბილისის მე-7 ვაჟთა სკოლა, ამჟამად 53-ე საჯარო სკოლა. დაწყებით კლასებში სწავლობდა მერაბ კოსტავასთან ერთად. ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში თანასკოლელები იყვნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე.

 

პარალელეურად დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტექნიკური სასწავლებელი ელ.მექანიკოსის სპეციალობით, ასევე დაამთავრა თბილისის მე-3 მუსიკალური სასწავლებელი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია.

 

ავთანდილ რცხილაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა;

თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში ამწყობ-მექანიკოსად, თბილისის 26-ე პროფტექნიკურ სასწავლებელში საწარმოო სწავლების ოსტატად, თბილისის ვ.აბაშიძის სახელობის მუიკალური კომედიის თეატრში მსახიობ-სოლისტად,  იყო თელავის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი.

 

ავთანდილ რცხილაძის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ეროვნული მოძრაობა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო... ეროვნულ მოძრაობაში ჩაება 1978 წელს.1988 წელს მერაბ კოსტავას რეკომენდაციით გაწევრიანდა  საქართველოს ეროვნული გმირების, ბატონ ზვიადისა და მერაბის მიერ დაფუძნებულ  საქართველოს ჰელსინკის ჯგუფში. იყო თანადამფუძნებელი ცენტრებისა: ეროვნული სხნის მთავარი კომიტეტი, ეროვნული ფორუმი, პოლიტიკური პარტია და ორგანიზაცია მრგვალი მაგიდა, პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოს ჰელსინკის კავშირი.

 

ავთანდილ რცხილაძეს ხელი აქვს მოწერილი 1991 წლის 9 აპრილს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე!

 

ავთანდილ რცხილაძე ყოველთვის ამბობდა, რომ მისთვის დიდი პატივია რომ იყო საქართველოს ეროვნული გმირების, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას მოსწავლე, მეგობარი და თანამებრძოლი...

 

ჩვენო ერთგულო და სამშობლოს ბედნიერებისთვის დაუღლელო მებრძოლო, ჩვენს გულებში ანთებული სანთლები გაგინათებენ გზას ცათა სასუფეველში. ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ თქვენით. თქვენი ცხოვრების წესი მაგალითი იქნება მომავალი თაობებისთვის. გვეამაყება, რომ მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე იყავით ზვიად გამსახურდიას ერთგული ჯარისკაცი, მისი იდეებისთვის მებრძოლი თავგანწირული რაინდი, არასდროს გადაგიხვევიათ  ამ გზიდან და თქვენი მრწამსიდან!

 

ეროვნული ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენა გარდაუვალია!

 

რაოდენ გულსატკენია, რომ ისეთი თავდადებული, უკომპრომისო მებრძოლი, ვინც მთელი ცხოვრება იღვაწა კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის, ამ დღეს ვერ მოესწრება...

 

გულით ვუსამძიმრებთ ავთანდილ რცხილაძის ოჯახს, ყველა ჭეშმარიტ მამულიშვილს და სრულიად საქართველოს!

ჩვენო დიდებულო ადამიანო!  ქედს ვიხრით სამშობლოსადმი თქვენი სიყვარულისა და ერთგულების წინაშე.

 

დაგიმკვიდროს უფალმა სასუფეველი ცათა შინა, სადაც მართალნი განისვენებენ...

 

11.04.   2022 წელი

უცხოეთში კონსპირაციულად მცხოვრებნი - ირაკლი იბერი, გიორგი ჯაყელი, დავით გიგაური!

 

ასევე, საქართველოს რესპუბლიკის დღემდე ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას ერთგული მებრძოლების სახელით  უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან - მართა სავანელი, დავით ჯანდიერი, ლაშა გამსახურდია, ლევან ზაალიშვილი, ზაზა ჟორდანია, სალომე მწითური, სანდრო მარიამიძე, ლექსო ყამარაული, ლელა ჭინჭარაული, ნაილი ხომერიკი და სხვები...

მარიამ ხორბალაძე, ფისო ნავროზაშვილი, ეთერ მგალობლიშვილი, ქეთი აბდალაძე -თბილისი

ნანა ტატიაშვილი - დარიენი, აშშ

ირაკლი ულუმბეგაშვილი - ნიდერლანდები

 

გამოსვენება 12 აპრილს, წმინდა ნინოს ეკლესიიდან (ვორონცოვის მოედნის ახლოს, მედ.პროფკავშირის შენობის უკან), 2 საათზე“, - წერს ფისო ნავროზაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner