საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა რუსული არმიის დიდი მარცხია.
„ისინი შეეცადნენ კიევის დაპყრობას და ვერ შეძლეს. ახლა კიევი მიატოვეს, ხედავენ, რომ დედაქალაქის აღება შეუძლებელია. ისინი აგროვებენ თავიანთ ჯარებს აღმოსავლეთში და უკრაინელები დარწმუნებულნი არიან, რომ დიდი შეტევის განხორციელებას აპირებენ დონბასში“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელში.
ბორელის თქმით, არაფერია გამორიცხული, როდესაც საქმე რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ეხება, მათ შორის ნავთობსა და გაზზე.
„ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსთვის, რომლებიც არ იყენებენ რუსულ გაზს, ადვილია იმის თქმა, რომ ისინი მზად არიან, არ გამოიყენონ რუსული გაზი, მაგრამ სხვებისთვის, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებულნი, არც ისე ადვილია“, - აღნიშნა მან.