შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 2 აპრილს, თბილისში მომხდარი 2 პირის მკვლელობის და რამდენიმე პირის დაჭრის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ 1 პირი - წარსულში ნასამართლევი, 1984 წელს დაბადებული გ.ა., განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციამ ამავე ბრალდებით 8 აპრილს დააკავა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია 1993 წელს დაბადებული გ. მ. და 1991 წელს დაბადებული ა.ბ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ განთავსებულ ერთ-ერთ ორგანიზაციაში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტს თანმხლებ პირებთან ერთად შეესწრნენ, თუმცა მათ სამართალდამცველებს მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს, არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 8 პირი დააკავა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუქტით, 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.