„ოპოზიციასთან ერთად ჩავალთ ალბათ უკრაინაში, ჩვენ დაველოდებით პარლამენტის პროტოკოლის ინფორმაციასაც. პროტოკოლებს შორის უნდა შეთანხმდეს დეტალები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დელეგაციის შემადგენლობა მოგვიანებით დაზუსტდება.
„ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები წავლენ უკრაინაში. რაც შეეხება შემადგენლობას, შემადგენლობა დაზუსტდება მოგვიანებით. კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით შედგება დელეგაცია. საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ კრიმინალები არ უნდა იყვნენ უკრაინის ხელისუფლებაში, ჩვენი მხრიდან დადგა აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე. უმაღლეს დონეზე იმართებოდა შეხვედრები, თუმცა ეს პრობლემა არ გადაწყდა. რაც შეეხება უკრაინაში ვიზიტს, ეს არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხის მიმართ და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ, რომელიც გმირულად იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ. რაც შეეხება ჩემს ჩასვლას, პრაქტიკულად პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი და მმართველი პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი რანგით ერთი და იგივე გამოდის. ჩვენ შესაბამისად. ამ რანგის ვიზიტის ორგანიზებისთვის გვჭირდება გარკვეული წინაპირობების არსებობა, რაც არის ჩვენი მხრიდან არა რაღაც თვითმიზანი, არამედ ეს არის ელემენტარულად ჟესტის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მეგობრობის სურვილი აქვს ხელისუფლებას. მეგობრობა არის აბსოლუტურად სუფთა ორ ქვეყანასა და ორ ხალხს შორის, მაგრამ სამწუხაროდ ეს 100%-ით არ გადაიზარდა ხელისუფლებებს შორის მეგობრობაში, რასაც ერთი სამწუხარო მიზეზი აქვს, კრიმინალები კვლავაც უკრაინის ხელისუფლებაში არიან“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სავარაუდოდ უმრავლესობა უკრაინაში ოპოზიციასთან ერთად ჩავა.
„მეგობრობის ჯგუფიც არის კრიტერიუმი, სხვა რამეც შეიძლება იყოს კრიტერიუმი. ამაზე უკვე გვქონდა მსჯელობა, თუმცა გარკვეული დეტალები დაზუსტდება. ალბათ, ოპოზიციასთან ერთად ჩავალთ. ჩვენ დაველოდებით პარლამენტის პროტოკოლის ინფორმაციასაც. პროტოკოლებს შორის უნდა შეთანხმდეს დეტალები. არა მხოლოდ ჩვენს მხარეზეა დამოკიდებული, უკრაინულმა მხარემაც უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით. მათ შორის ვადებთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე დავადგენთ, როდის წავა დელეგაცია და შემადგენლობასაც განვსაზღვრავთ. შეიძლება, იყოს გარკვეული ლიმიტები მაგალითად უკრაინული მხრიდან მოწოდებული. ჩასვლის სურვილი აქვს უმრავლესობიდან საკმაოდ ბევრ დეპუტატს. თუმცა, ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის პროტოკოლიდან მიღებულ ინფორმაციაზეც, თუ რამდენი დეპუტატი გამგზავრება უკრაინაში“, – განაცხადა კობახიძემ.