„ჩანს, როგორი „ფეიკები“ არიან, საუბარი იყო კრიმინალების გათავისუფლებაზე, ოპოზიციამ მაინცდამაინც არახამია აარჩია, ვისზეც არ იყო საუბარი, კრიმინალები ვინ არიან, ვიცით, ხომ? - ეს არის სააკაშვილი, ადეიშვილი და ლორთქიფანიძე, უმძიმესი კრიმინალები“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მის მიმართ ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.
„აქედანაც ჩანს, როგორი „ფეიკები“ არიან ეს ადამიანები, სამი ადამიანის გათავისუფლებაზე იყო საუბარი იმისთვის, რომ იყოს სუფთა ურთიერთობები, ამათ თქვეს მეოთხე - არახამია, ეს არის ტყუილი. არახამიაზე მე ვთქვი, რომ შუამავალია, მაგრამ რაც შეეხება გათავისუფლებას, როცა გათავისუფლებაზე იყო საუბარი, საუბარი იყო კრიმინალებზე. კრიმინალები ვინ არიან, ვიცით, ხომ? - ეს არის სააკაშვილი, უმძიმესი კრიმინალი; ადეიშვილი, ასევე უმძიმესი კრიმინალი და ლორთქიფანიძე, ასევე უმძიმესი კრიმინალი, რომლებსაც უმძიმეს დანაშაულებში აქვთ მიღებული მონაწილეობა და არა მარტო მონაწილეობა, ისინი ლიდერები იყვნენ დანაშაულებრივი რეჟიმის. შესაბამისად, საუბარი იყო კრიმინალების გათავისუფლებაზე, მათ მაინც და მაინც აარჩიეს არახამია, ვისზეც არ იყო საუბარი, აქედან ჩანს მათი ფეიკ-ბუნება. აქ არავითარ ულტიმატუმზე არ არის საუბარი, უბრალოდ, როცა საუბარია ხელისუფლებებს შორის ჯანსაღ ურთიერთობებზე, ასეთ დროს პრინციპულია, ერთ ხელისუფლებას მეორე ხელისუფლების მიერ კრიმინალებად აღიარებული პირები არ ჰყავდეს, თქვენ წარმოიდგინეთ, იანუკოვიჩი რომ იყოს ჩვენთან რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ეს რა თქმა უნდა, გააფუჭებდა ურთიერთობას უკრაინას და საქართველოს შორის“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, პირველ რიგში უკრაინის ინტერესებშია, რომ ხელისუფლებაში კრიმინალები არ ჰყავდეს, რადგან ისინი საქართველოსთან ურთიერთობებს რევენ.
„გავიმეორებ, სამ თემაზეა საუბარი და მთავარი თემა არის უკრაინის ხელისუფლებაში კრიმინალების ყოფნა, რადგან ეს არის ყველა პრობლემის წყარო, სწორედ ამის შედეგია ელჩის გაწვევა, ასევე ცრუ ბრალდება კონტრაბანდასთან დაკავშირებით. სამივე თემა არის მარტივი: ქართველი კრიმინალები არ უნდა იყვნენ უკრაინის ხელისუფლებაში, ეს არის პირველ რიგში უკრაინის ხელისუფლების ინტერესებში, სწორედ იმის გამო, რომ გაჯანსაღდეს ვითარება, მათ შორის ომის თვალსაზრისითაც, ომი რომ არის უკრაინაში და ასეთი მძიმე მდგომარეობა და ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებენ სააკაშვილი, ლორთქიფანიძე, ადეიშვილი და სხვები თავიანთი ნაბიჯებით საქართველოს მიმართ, სწორედ ამიტომ არის საჭირო მათი გათავისუფლება. უკრაინას მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია სჭირდება ყველა ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოსთან, რომელიც არის ძალიან მოწყვლადი და ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთის მიმართ, ასეთ დროს უკრაინის ლოგიკურ ინტერესებშია, უკრაინას ჰქონდეს სუფთა ურთიერთობა საქართველოსთან გაწვევების და ალოგიკური ნაბიჯების გარეშე, ასეთ დროს უკრაინას ურევს ვითარებას რამდენიმე კრიმინალი - სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, თუკი თავად უკრაინის ინტერესია მის მიერ დასახელებული სამი პიროვნება არ ჰყავდეს ხელისუფლებაში, რატომ არ ურჩევენ ამას საერთაშორისო პარტნიორები, კობახიძე პასუხობს - „სხვებს რაში აინტერესებთ, საერთოდ არ იციან, ვინ არიან სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე“.