logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: თუ შენ არ მიდიხარ არჩევნებზე შენ უარს ამბობ თავისუფლებაზე
- +

10 აგვისტო. 2016. 18:42



საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩეველთა გასააქტიურებლად ახალგაზრდული საარჩევნო კამპანია "შენი ხმა ჩვენი მომავალი" დაიწყო.

კამპანია ქვეყნის პირველმა პირმა ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში გახსნა. ახალგაზრდული საზაფხულო სკოლების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.


„დღეს აქ ჩვენ შევიკრიბეთ უნიკალური მისიისთვის, რადგან ყოველი მოქალაქე არის ვალდებული ამავე დროს შექმნას თავისი სახელმწიფო, შექმნას და მონაწილეობა მიიღოს უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ გამოწვევებში. თქვენ ჩაატარებთ კამპანიას და განსაკუთრებული იქნება ის, რომ თქვენ არ წახვალთ და არ თხოვთ ხმას თქვენი პარტიისთვის, არც თქვენი პოლიტიკური ლიდერისთვის, თქვენ ერთადერთს გააკეთებთ - თხოვთ მოქალაქეებს, რომ გამოვიდნენ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები შექმნან როგორც მომავალი საქართველოსი. თქვენ გააკეთებთ ამას და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ ამას შეძლებთ.

 

თქვენ უნდა შეძლოთ დაარწმუნოთ თითოეული მოქალაქე, რომ არჩევნებში ხმის მიცემა არის მათი წმიდათაწმინდა ვალდებულება. არის ბევრი ადამიანი, რომელიც დაბნეულია და ჯერ ვერ აურჩევია პოლიტიკური ლიდერი. მაგრამ ისევე როგორც ის მაისურები, რომლებიც თქვენ გაცვიათ და რომელზეც წრე ახატია, დემოკრატიაც არის მთლიანი, წრისებრი, გამაერთიანებელი, როგორც ქართული პოლიფონია, როგორც ქართული მუსიკა - ბევრი ხმა ერთიანობას, ჩვენს მშვენიერ კულტურას ქმნის, ასევე დემოკრატიამ უნდა გააძლიეროს საქართველო და ამ არჩევნების მეშვეობით წინ წაწიოს ჩვენი ქვეყანა.

 

თქვენ თვითონ მოიფიქრებთ, რანაირად დაარწმუნოთ ამომრჩეველი. თქვენ შეგეკითხებიან, რატომ უნდა მისცენ ხმა. თქვენ თვითონ უნდა მოიფიქროთ პასუხები. მე მჯერა, რომ იმ დღეების განმავლობაში, რომელსაც თქვენ აქ გაატარებთ, მოიფიქრებთ, რა პასუხები გასცეთ ადამიანებს, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია არჩევნებში მონაწილეობა და პასუხი არის ერთი - თუ შენ არ მიდიხარ არჩევნებზე და თუ შენ არ ირჩევ ლიდერებს, შენ უარს ამბობ თავისუფლებაზე", - განაცხადა მარგველაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner