„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია იმით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვერ გაბედა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებისთვის გენოციდი ეწოდებინა“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
„გულდასაწყვეტია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს არ სურს უკრაინელების გენოციდის აღიარება რუსეთის ხელმძღვანელობის ყველა ღია განცხადებისა და რუსი სამხედროების დანაშაულებრივი ქმედებების მიუხედავად. უკრაინა და რუსეთი ისტორიულად ახლოს არიან ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ მითი რუსეთისა და უკრაინის ორი მოძმე ხალხის შესახებ შეირყა ყირიმის ოკუპაციისა და 2014 წელს დონბასში განხორციელებული აგრესიის შემდეგ. მერე ვითომ რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად რუსი „ძმები“ მოვიდნენ, თუმცა რვა წელიწადში 14 000 უკრაინელი დაიღუპა. ეს მითი საბოლოოდ დაიმსხვრა, როდესაც თებერვალში პირველი რუსული რაკეტები უკრაინის ქალაქებისკენ გაუშვეს. „ძმური“ ერი არ კლავს ბავშვებს, არ ესვრის მშვიდობიან მოსახლეობას, არ აუპატიურებს ქალებს, არ ასახიჩრებს მოხუცებს და არ ანგრევს სხვა „მოძმე“ ხალხის სახლებს. ყველაზე სასტიკი მტრებიც კი არ სჩადიან სისასტიკეს დაუცველი ადამიანების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო ინტერვიუში უარი თქვა უკრაინაში რუსეთის ქმედებების გენოციდად აღწერაზე.
კითხვაზე, გამოიყენებდა თუ არა ის, ისევე როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ტერმინ „გენოციდს“ რუსი სამხედროების მიერ უკრაინელების მკვლელობისთვის, მაკრონმა უპასუხა:
„დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი (რუსები და უკრაინელები) ძმები არიან“.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მას სურს, შეძლებისდაგვარად, გააგრძელოს ძალისხმევა ომის გასაჩერებლად და მშვიდობის აღსადგენად.