ოთარ აბესაძე თსუ-ს რექტორის არჩევნებში გიორგი შერვაშიძის შესაძლო მონაწილეობის შესახებ საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აფიქსირებს და აღნიშნავს, რომ გიორგი შერვაშიძე მართლაც ღირსეული ადამიანია.
„გიორგი შერვაშიძე არის ის ადამიანი, რომელიც მართლა გახდის თსუ-ს ისეთს, როგორიც არის ჩემი ოცნება!"- წერს აბესაძე სოციალურ ქსელში.
„მე როგორც თსუ-ს ლექტორი, როგორც თსუ-ს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, როგორც თსუ-ელების შვილი, როგორც თსუ-ს პროფესორების შვილი, როგორც 100%-ით თსუ-ელი, თსუ, რომელიც არის ჩემი ოჯახის ტრადიცია!
აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ გიორგი შერვაშიძე არის ის ადამიანი, რომელიც მართლა გახდის თსუ-ს ისეთს, როგორიც არის ჩემი ოცნება!
ჩემი ოცნების თსუ !!! ნომერ პირველი უნივერსიტეტი კავკასიის რეგიონში !!!
წარმატებები..."
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გია შარვაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
ამის შესახებ 2030.news-ისთვის გახდა ცნობილი.
2030.news-ი ინფორმაციის გადასამოწმებლად გია შარვაშიძეს დაუკავშირდა.
როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუმცა თსუ-ს რექტორის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.
თსუ-ს რექტორის არჩევნები 23 სექტემბრისთვის არის დანიშნული. კანდიდატების რეგისტრაცია 9-14 სექტემბერს შედგება.
გია შარვაშიძე დაიბადა 1963 წელს თბილისში. წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოოგიის ფაკულტეტი. აქვს დოქტორის ხარისხი განათლების მართვაში.
გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის შვედეთის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტში, UNESCO-ს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტში - IIEP (პარიზი, საფრანგეთი) და მსოფლიო ბანკის ინსტიტუტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი). 10 წლის განმავლობაში ასწავლიდა მეექვსე საავტორო სკოლაში. მუშაობდა გაცვლით მასწავლებლად სამხრეთ მილუოქის უმაღლეს სკოლაში (ვისკონსის შტატი, ამერიკის შეერთებულ შტატები).
იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამჟამად იმავე უნივერსიტეტში კითხულობს კურსს უმაღლესი განათლების პოლიტიკაში. 9 წლის განმავლობაში იყო აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი (ბუდაპეშტი, უნგრეთი), რომელიც 20-მდე ქვეყანაში ხორციელდებოდა, მათ შორის საქართველოში. პროგრამა ეხმარებოდა ახალგაზრდა მკვლევარებსა და მეცნიერებს, დაეწყოთ პროფესიული კარიერა სამშობლოში და დასაქმებულიყვნენ პროფესიით უნივერსიტეტებში. მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსი მთავარ ინსპექტორად, საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსად, მინისტრის მოადგილედ, მინისტრის პირველ მოადგილედ, იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი. ამჟამად არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. გამოცემული აქვს მონოგრაფია კერძო უმაღლეს განათლებაზე საქართველოში, რომელიც დაიბეჭდა პარიზში, UNESCO-ს მიერ. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. არის ევროკავშირის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE). ასევე, სხვადასხვა დროს იყო ევროპის საბჭოს, UNESCO-ს და ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების ექსპერტი.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.