„1-2 ადამიანს წამოსცდა, ჩვენ ერთიანი ქოლგა უნდა გავშალოთ და ამ ქოლგის ქვეშ უნდა შევიკრიბოთო. ვნახეთ ეს ქოლგები, ვნახეთ ეს ფანჩატურები და ამან არავითარი შედეგი არ მოიტანა,“ - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის აზრით, ასეთი სტრატეგია პოლიტიკური პარტიებისთვის წამგებიანი იქნება.
„თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და ამ რადიკალური ბანაკის შანტაჟს დაექვემდებარება, თუ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც აინტერესებთ ნამდვილად ევროპული პოლიტიკა, ნამდვილად ოპონირება, ნამდვილად დებატები, ნამდვილად არჩევნები მომავალში ამას დაექვემდებარებიან, ჩვენ კი არა, პირველ რიგში ისინი დაზარალდებიან, იმიტომ რომ მომავალს გაინადგურებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ამიტომ არის დღეს ცუდ ხასიათზე და ამიტომ იყო ცუდ ხასიათზე 2020 წლის არჩევნებს მერე, რომ მათ ეგონათ, რომ ჰქონდათ მონოპოლია ოპოზიციაში. ანუ, ისინი იყვნენ დირიჟორები, დამფინანსებლები, გამშუქებლებიც. როცა დაკარგეს ეს მონოპოლია, უკვე გახდნენ აგრესიულები და ცდილობდნენ ყველაფრის ბლოკირებას. ეს იყო და ეს. მაგრამ დემოკრატიულმა რეფორმებმა, არჩევნებმა, დაფინანსების ახალმა მოდელმა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართვამ ეს დღის წესრიგი დაანგრია და გაკოტრებულად გამოაცხადა“, - განაცხადა თალაკვაძემ.