„ევროკავშირმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობისთვის დამატებითი 500 მილიონი ევრო გამოყოფა დაამტკიცა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხა მოხმარდება პერსონალური დამცავი აღჭურვილობების, სამხედრო აღჭურვილობების, საწვავსა და პირველადი დახმარების კომპლექტების შეძენას.
„შემდეგი კვირები გადამწყვეტი იქნება. რუსეთი ემზადება უკრაინის აღმოსავლეთში შეტევის განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რათა დავიცვათ მისი ტერიტორია და მოსახლეობა“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთოხების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა.
დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფით უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ევროკავშირის მიერ გაღებული ფინანსური დახმარების საერთო ოდენობა 1.5 მილიარდ ევროს მიაღწევს.