logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: კვოტებით, რაოდენობებით, ნომრებით, პლაკატების ფერებით ვაჭრობას არ ვაპირებთ ისეთ საკითხზე, როგორიც არის სამძიმრის გამოცხადება უკრაინისთვის
- +

14 აპრილი. 2022. 13:14

 

 

„კვოტებით, რაოდენობებით, ნომრებით, პლაკატების ფერებით ვაჭრობას არ ვაპირებთ ისეთ საკითხზე, როგორიც არის სამძიმრის გამოცხადება უკრაინისთვის“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობის სამი წარმომადგენელი იქნება, რაც შეეხება ოპოზიციას, ეს მათზეა დამოკიდებული და დღის ბოლომდე ცნობილი გახდება.

 

„ვიზიტისთვის მზადება უკვე დაწყებულია. უკრაინულ მხარესთან ვმუშაობთ, რათა მთლიანი ვიზიტი იყოს დაგეგმილი შეხვედრების ჩათვლით. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად ჩვენი პარლამენტების ურთიერთობებს და ამავე დროს, საქართველოს პარლამენტის სახელით უკრაინას მივმართავთ სამძიმრითა და ჩვენს პოლიტიკურ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ, ამჯერად უკრაინაში დავაფიქსირეთ.

 

რაც შეეხება დელეგაციის შემადგენლობას, ეს არის ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხი, ამიტომ რაიმე კამათში, ვაჭრობაში, დეტალებში, ვინ უნდა წამოვიდეს, ვინ არ უნდა წამოვიდეს, ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ შესვლას.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან ღირსეული პოზიცია აჩვენა შეხვედრაზე, სადაც ოპოზიციას შესთავაზა, მონაწილეობა მიიღონ დელეგაციაში. იმედი მაქვს, სანამ გავემგზავრებით, ოპოზიცია თავის გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებს ისე, რომ ეს ქვეყნისთვის და პირველ რიგში, მათთვის არ გახდეს დამაზიანებელი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გავემგზავრებით, სამძიმარს ვეტყვით უკრაინელ მეგობრებსა და მხარდაჭერას დავაფიქსირებთ. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობის სამი წარმომადგენელი იქნება.

 

რაც შეეხება ოპოზიციას, ეს მათზეა დამოკიდებული და დღის ბოლომდე ცნობილი გახდება. კვოტებით, რაოდენობებით, ნომრებით, პლაკატების ფერებით ვაჭრობას არ ვაპირებთ ისეთ საკითხზე, როგორიც არის სამძიმრის გამოცხადება უკრაინისთვის - ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ვიზიტი. პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან ღირსეული პოზიცია გამოხატა გუშინ შეხვედრაზე და ეს დღესაც ასევე ღირსეული სახით რჩება ძალაში. მან შესთავაზა ოპოზიციას მონაწილეობა მიიღონ დელეგაციაში, ახლა იქ ოპოზიცია ვერ შეთანხმდა, ყველას უნდა წამოსვლა თუ არ უნდა, მეორეხარისხოვანია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

თალაკვაძეს ჰკითხეს, ძალაშია თუ არა მამუკა მდინარაძის წინადადება, რომლის თანახმად დელეგაციაში ყველა პარტიას შეუძლია ჰყავდეს წარმომადგენელი, რაზეც თალაკვაძე უპასუხა - „დიახ, ასე თქვა და ეს თქვა იმიტომ ზუსტად, რომ ჩვენთვის ეს საკითხები ვაჭრობის საგანი არ არის“.

 

მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა, დღევანდელ შეხვედრაზე დამსწრე პოლიტიკურმა ჯგუფებმა უკრაინაში თითო წარმომადგენელი გაგზავნონ, რისთვისაც, უმრავლესობა საკუთარ წარმომადგენლობას არ გაზრდის. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner